სად ხარ, ჩემო სალამურო,
ხმატკბილო და საამურო.
ქართულად ჰკვნეს, ქართულად სტვენ,
ქართველის გულს ამით ალხენ,
ხასიათს და ჩვეულებას
წინაპართა გვაგონებ ჩვენ.

- აკაკი -

სალამური გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს კუთხეებში ქართლში, კახეთში, მესხეთში, თუშეთში, ფშავში, ასევე დასავლეთ საქართველოშიც. საქართველოში სალამურის უძველესი დროიდან არსებობა დასტურდება არქეოლოგიური გათხრებისას მოპოვებული მატერიალური ძეგლებითაც. როგორც ცნობილია, მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ მოპოვებულმა მასალებმა, საქართველოს ისტორიის მრავალ საკითხს მოჰფინა ნათელი, მათ შორის, ქართველი ხალხის მუსიკალურ წარსულს. მცხეთაში მოპოვებულ ექსპონატებს შორის ყურადღებას იპყრობს ქართული მუსიკალური კულტურისათვის მეტად საინტერესო ნივთი, სახელდობრ, ძვლის უენო სალამური, რომელიც 1938 წელს იქნა აღმოჩენილი სამთავროს სამაროვანის ჩრდილოეთ უბანზე. სპეციალისტ-ორნიტოლოგის, ივ. ჩხიკვიშვილის აზრით, სალამურის დასამზადებლად გედის ლულოვანი ძვალია გამოყენებული. სალამურს თავბოლო სწორად აქვს წაკვეთილი, იგი უენოა და მხოლოდ სამი მცირე ნახვრეტი აქვს ერთ მხარეს. საკრავის ზედაპირი საგულდაგულოდაა გაპრიალებული. მისი სიგრძე 19,9 სმ-ს უდრის, ჩასაბერი პირის დიამეტრი-1,1 სმ, ძირის დიამეტრი კი 1,8 სმ-ია. ძვლის სალამური საფლავში ჰქონდა ჩატანებული 14-15 წლის ბიჭს, რომლისთვისაც ჭირისუფალს ბევრი სხვა ნივთიც ჩაუტანებია, მათ შორის, შავპრიალა თიხის ჭურჭელი, იარაღი, ტანსაცმელი, ავგაროზი და სხვ.

პატარა მწყემსის საფლავი
ყურადღებას იპყრობს ასევე სამარხში აღმოჩენილი ცხვრის და ხარის თავ-ფეხის ძვლები. ბიჭის ნეშტთან ერთად სამარხში სალამურისა და შინაური საქონლის ძვლების აღმოჩენის გამო, ექსპედიციის ხელმძღვანელმა ივ. ჯავახიშვილმა სამარხს «პატარა მწყემსის საფლავი» უწოდა. სამარხის ინვენტარის შესწავლა საშუალებას გვაძლევს იგი არა უგვიანეს ძველი წელთაღრიცხვის XII-XI საუკუნეებს მივაკუთვნოთ, ხოლო თუ აღწერილი სალამურის ტექნოლოგიის მაღალ დონეს გავითვალისწინებთ, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს საკრავი ძველი წელთაღრიცხვის XII საუკუნეზე გაცილებით ადრე ყოფილა გავრცელებული საქართველოში. ძვლის სალამური ასევე აღმოჩენილია უფლისციხეში, საკულტო ნაგებობაში, ღვთაება მზექალისადმი შეწირულ ნივთებს შორის. სალამურის არსებობა მზექალთან დაკავშირებულ საწესო საგანთა შორის მოწმობს იმას, რომ სალამური უძველესი ხანიდან წარმოადგენდა მწყემსის ატრიბუტს. ამაზე მიუთითებს აგრეთვე თქმულებები სალამურის შესახებ.
გედის ძვლის უენო სალამური

ამჟამად ეს სალამური ინახება სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში. მკვლევარებმა ის ერთხელ უკვე ააჟღერეს და გამოაცემინეს მხოლოდ ოთხი ბგერა. რაც აბსოლიტურად საკმარისად ჩათვალეს. ეს გასაგებიც იყო, რადგან მეტს არავინ ელოდა. მკვლევარებს იმ ოთხი ბგერისთვისაც არ მიუქცევიათ სათანადო ყურადღება. ეს არის ჩამოყალიბებული და გამართული ტეტრაქორდი, რომელიც თითქმის ათასწლეულებით უსწრებს წინ ბერძნული ტეტრაქორდების ჩამოყალიბებას. მაგრამ აღნიშნული სალამური გაცილებით მეტ საიდუმლოებას იტევს. აღმოჩნდა, რომ მასზე შესაძლებელი ყოფილა ათი ბგერის გამოცემა არა გადაბერვის პრინციპით, არამედ საკრავის სხვადასხვა მიმართულებით დახრის შედეგად მიიღება შვიდი განსხვავებული ტეტრაქორდი, რაც საბოლოო ჯამში წარმოადგენს ბგერათ სისტემას.

დღემდე შემორჩენილი სალამურები ორნაირია: უენო და ენიანი. სალამურის ეს ორი სახე ერთმანეთისაგან განსხვავდება მასალით, ფორმით, ბგერათრიგითა და დიაპაზონით.

უენო სალამური

Salamuri Samples

ენიანი სალამური
უენო სალამური (მარცხნივ) წარმოადგენს გრძელ მილს, დაახლოებით 380-400 მმ სიგრძისას, რომელზეც 7-8 თვალი კეთდება. ზოგჯერ თვალი კეთდება მეორე მხარეზეც, საკრავის თავი ოდნავ წაწვეტებულია, თუ საკრავი ხისაა, აჭრელებენ. უენო სალამურის ბგერათრიგი დიატონურია, მოქცეულია ერთ ოქტავაში. ცოტა ძლიერი ჩაბერვით სალამურის დიაპაზონი იზრდება. უენო სალამური გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს კუთხეებში (ქართლი, კახეთი, მესხეთი, თუშეთი, ფშავი).

Salamuri Samples

ენიანი სალამური (მარჯვნივ) კი 230-260 მმ სიგრძის მილს წარმოადგენს. თავი წაკვეთილია. გაკეთებულია 5 ან, უფრო ხშირად 6-8 თვალი. ერთი თვალი უკეთდება უკანა მხრიდან ზედა 1-2 თვალს შუა. ენა წარმოადგენს ლერწმის მოკლე საცობს (12-15მმ), რომელიც ჩასმულია სალამურში (მილში). უენო სალამური უფრო ხშირად ჭერმის, ან დიდგულის ხისგან მზადდება, ენიან სალამურს კი ლერწმისაგან ან ლელისაგან ამზადებენ. უენო სალამური ენიან სალამურზე გრძელია და მასიური. მიუხედავად იმისა, რომ ენიანი სალამური შედარებით პატარაა, მისი ტექნიკური შესაძლებლობანი გაცილებით მაღალია: მას უფრო მდიდარი ბგერა, დიდი დიაპაზონი და ნიუანსირების მეტი უნარი აქვს.

ენიანი სალამური
ენიანი სალამურის დამზადება გაცილებით რთულია და ოსტატის გამოცდილ ხელს მოითხოვს. ლერწმის პროპორციულად განვითარებული ლულოვანი ღერო ფრთხილად უნდა მოიჭრას, თავიდან ბოლომდე გაიხვრიტოს და როგორც ღრუ, ისე ზედა პირი სათანადოდ დამუშავდეს. სალამურის დასამზადებლად გამოსადეგი ღერო, «შვეტი» (ხალხური გამოთქმაა, სწორს თანაბარზომიერად განვითარებულს ნიშნავს) უნდა იყოს. შემდეგ ღერო თავთან გეზად აიჭრება, ღეროს აჭრილ ნაწილთან - სასტვენელთან სალამურის ენას ჩასვამენ. ზედაპირზე ენა ოდნავ ათლილია. მხოლოდ ამ ნაწილით უნდა გაატაროს მან ჰაერი, სხვა ნაწილით კი მთლიანად დაგმანოს სასტვენის ყელი. ეს უკანასკნელი ბოლოში სულსაქცევის თაღისებური პატარა «კილოთი» თავდება. «კილოსა» და ენის ანაჭერის გასწვრივ ხაზზე უნდა ამოიჭრას ექვსი მრგვალი თვალი. ეს თვლები ერთმანეთისაგან თანაბარი მანძილით (2 სმ.) უნდა ამოიჭრას. ამრიგად ენიან სალამურს სულ 8 თვალი გააჩნია.

რით განსხვავდება ენიანი სალამური უენოსაგან? მისი სიგრძე 380-400მმ-ია, გარშემოწერილობა კი 6 სმ-ს უდრის, მუქი წაბლისფერია, შიდა მხარე თავიდან ბოლომდე ლულოვანია. სალამურის თავი ოდნავ დავიწროებულია, რათა მოსახერხებელი იყოს ჩასაბერად. სალამურის სულის საბრუნებელი არე «თვლებით» არის ამოკვეთილი. ისინი ერთ ხაზზეა განლაგებული პირველი თვალი მე-13 სმ-ზე მდებარეობს, ხოლო დანარჩენი ექვსი თანაბარი მანძილით, 3-სმ-ით არის ერთმანეთს დაშორებული.

სალამურის სიდიდეს ადრე თურმე ციდით, გოჯით, ანუ თითის დადებით საზღვრავდნენ. დაწესებული ყოფილა შემდეგი ზომები: ყელი (თავიდან პირველ თვლამდე) - კაცის ერთი ციდა; წინა თვლების მხარე -1 ციდა; ბოლო, ანუ ქვედა მხარე - სამი თითის დადება. ამრიგად, სალამური შეიძლება სამ ნაწილად დაიყოს: თავი, ანუ ყელის ნაწილი; შუა ტანი, ანუ თვლების ნაწილი და ბოლო. თითოეული მათგანი დადგენილ ზომებს ექვემდებარება და განსაზღვრულ ურთიერთმიმართებაშია. რაც უფრო ახლოა თვალი თავთან (ყელთან) მოთავსებული, მით უფრო წვრილ ხმას გამოსცემს; წვრილ მაღალ ხმას პირველი თვალი გამოსცემს, მომდევნო უფრო დაბალს და ა.შ.

მწყემსი და მისი ცხვრის ფარა
სალამურზე შემსრულებლად უფრო მეტად მამაკაცები გვევლინებიან. სალამური, განსაკუთრებით უენო, მწყემსების აუცილებელ ნივთს წარმოადგენს. დღეისათვის, საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გავრცელებულია ენიანი სალამური. მასზე სრულდება მწყემსური და საცეკვაო მელოდიები. უენო სალამურზე მხოლოდ მწყემსური მელოდიები სრულდება. სალამური დაკავშირებულია მწყემსურ ყოფასთან. ამითაა გამოწვეული, რომ სალამურის რეპერტუარი თითქმის მთლიანად მწყემსური მელოდიებით ამოიწურება.

ენიანი სალამური უფრო გვიან არის გაჩენილი. ამაზე მიუთითებს ის, რომ სალამურის ძირითადი დანიშნულება - მწყემსურ ყოფასთან კავშირი (რაც უძველესი დროიდან მომდინარეობს), სწორედ უენო სალამურს შემორჩა დღემდე. სალამური ყველაზე გავრცელებული ხალხური მუსიკალური ინსტრუნტი ყოფილა საქართველოში, ამას გვიდასტურებს როგორც ხალხში შემორჩენილი ლეგენდები თუ გადმოცემები, ისე კლასიკური ლიტერატურის ძეგლები.

ხალხის რწმენით, სალამურის წარმოშობის მიზეზი ადამიანის ჭირ-ვარამი ყოფილა, ობლის საფლავზე ამოსულა პირველი ლერწამი, ქარს დაუბერავს და გულისმომკვლელ ხმაზე ამოუკვნესია ბედკრულის გულზე ამოსულ მცენარეს. სალამური მშრომელი ადამიანის განუყრელი თანამგზავრი და მეგობარი ყოფილა, მისი ჭირის მოზიარე და ლხინის დამატკბობელი. ხალხის რწმენით სალამურის მოსპობა არავითარ ძალას არ შეუძლია: ცეცხლიც კი ვერაფერს აკლებს თურმე სალამურს. მის ფერფლში მშობლის სახე ისახება და ნატეხები ისევ გამოსცემენ საამო ჰანგსო. სალამურის პოპულარობაზე ისიც მეტყველებს, რომ დაკარგული ბავშვის მოძებნა და გამოცნობაც ამ საკრავს აქვს დაკისრებული ქართულ ფოლკლორში.

ზოგიერთი თქმულების მიხედვით, სალამური ადამიანს ღვთაებისაგან მიუღია. ამიტომ იგი ღვთაებრივ საკრავად არის მიჩნეული. ერთ-ერთი თქმულების მიხედვით, ადამიანს სალამური მთავარანგელოზების სასწაულმოქმედი საკრავის მიმსგავსებით შეუქმნია. გადმოცემათა ნაწილი ამ წყალობას ზღაპრულ ხარს - წიქარას მიაწერს. ქართულ ყოფაში სალამური გამოიყენება ჭირშიც და ლხინშიც. აქედან მომდინარეობს ხალხში გავრცელებული ტერმინები: «საჭირო» და «სალხინო». «სალხინო» ადამიანს სიხარულს ანიჭებს, ცხოველებს ათვინიერებს, ფრინველებს გალობას აწყებინებს. «საჭირო» კი გლოვის, მწუხარების ჰანგს გადმოსცემს, ადამიანს დარდს უმსუბუქებს, ახლომახლო მყოფთ მის დასახმარებლად მოუწოდებს. ერთ-ერთი ზღაპრის მიხედვით, «საჭირო» სალამურს ბალახის ატირებაც კი შეუძლია.

საინტერესოა სალამურის დამკვრელთა აზრი ორივე საკრავის ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ. მუსიკალურობის მხრივ, დიდი განსხვავებაა ენიანსა და უენო სალამურებს შორის: «ენიან სალამურს ყველაფერს ვათქმევინებთ, რასაც მოვინდომებთ: ბაიათს, საცეკვაოს და ა. შ. უენო სალამურის შესაძლებლობა კი შეზღუდულია. უენო უპირატესად მწყემსის საკრავია, მასზე სათამაშო მელოდიის და ბაიათის შესრულება არ ხერხდება. მწყემსი ცხვარს რომ მიდენის სალამურს უკრავს. ამას «აქლემის ყელის დაკვრა» ეწოდება. ცხვრის დაბინავებისას სხვა მელოდიას უკრავს - ამას «დაბინავების» დაკვრა ჰქვია.

უნისონი სალამურები (I და II ხმის)

Salamuri Samples

სალამურის გაკეთებისას ითვალისწინებდნენ, თუ რომელ ინსტრუმენტთან ერთად აპირებდნენ მის დაკვრას. ამის მიხედვით ადგენდნენ ტონალობას. ხელოსანს ორგვარი სალამურის დამზადება შეუძლია: I და II ხმისა. ბანის სალამურსაც აკეთებენ. სალამურს დოლთან ერთად უკრავდნენ და ბანზე ცეკვავდნენო - ამბობს მთხრობელი- "თუ დამკვრელი სალამურს დაბალ ხმაზე უკრავს, იტყვიან: ბოხზე უკრავსო, თუ მაღალზე, - იტყვიან: სტვენზე, ანუ სტვინზე უკრავსო". თუ ძველად სალამურს საწესჩვეულებო დანიშნულებისათვის იყენებდნენ (ხალხის რწმენით, სალამურს მავნე სულებისა და ქვეწარმავლების მოსპობაც კი შეეძლო), დღეს ამ საკრავმა მტკიცედ დაიმკვიდრა თავისი ადგილი ქართულ ხალხურ საკრავთა ანსამბლში. ტემპერამენტიან ქართულ ცეკვებთან ერთად მოიარა მსოფლიო და მოჰფინა მას იბერიული ლერწმის კეთილშობილური გრძნობა, რაშიც დიდი წვლილი, ცნობილ ქართველ ვირტუოზს, ომარ კელაპტრიშვილს მიუძღვის.

უენო სალამურის ხმოვანება
ხუთთვლიანი უენო სალამურის წყობა: a 1-h 1-cis 2-d 2-e 2-f 2.
ექვსთვლიანი უენო სალამურის წყობა: e 1-fis 1-g 1-a 1-h 1-c 2-d 2.

ენიანი სალამურის ხმოვანება
შვიდთვლიანი ენიანი სალამურის წყობა: h-c 1-d 1-e 1-f 1-g 1-a 1-h 1
(c 2-d 2-es 2-f 2-g 2-a 2-h 2-c 3- გადაბერვით).
ექვსთვლიანი ენიანი სალამურის წყობა: e 1-fis 1-g 1-a 1-h 1-c 2-d 2
(e 2-fis 2-g 2-a 2-h 2-c 3-d 3- გადაბერვით).

სალამურზე სულ რომ გვიფარია თითები, ჩუმი ჩაბერვით ვიღებთ I ოქტავის დო-ს. ჩაბერვისას ვიძახით ბგერას ”თ”-ს. თუ ავაცილებთ ქვედა ერთ თითს მთლიანად, მივიღებთ ბგერა რე-ს, ხოლო თუ ნახევრად ავწევთ თითს დო-ზე ვიღებთ დო♯. რე-დან თუ ავწევთ ერთ თითს ვიღებთ მი♭, ხოლო თუ მი♭ ავწევთ ნახევრად მივიღებთ მი♮. შემდეგ მთლიანად აწევისას ფა, ხოლო ფა-ს თუ ავწევთ ნახევრად ფა♯. შემდეგ სოლ, ნახევრად სოლ♯. შემდეგი თითის აწევით ვიღებთ ლა-ს, ლა-ს შემდეგ თითის მთლიანად აწევით ვიღებთ სი♭-ს, ხოლო ნახევრად სი♮-ს. შემდეგ ყველა თითს ვაფარებთ და ძლიერი ენის დარტყმით ვიღებთ მეორე ოქტავის დო-ს. II ოქტავის ბგერებს ვიღებთ იგივე თითების დაფარებით და უფრო ძლიერი ჩაბერვით.

Salamuri Samples

გთავაზობთ მოუსმინოთ უენო და ენიანი სალამურების სადემონსტრაციო ჩანაწერებს:
1. ა.ხიზანიშვილი - "თუშური" (ენიანი სალამური)
2. ა.ხიზანიშვილი - "მთიულური" (უენო სალამური)
3. ანსამბლი "გეორგიკა" - "თუშური მელოდიების პოპური"
4. ანსამბლი "ურმული" - "მთის მელოდიები"
5. ანსამბლი "ლაშარი" - "თუშური მელოდიები" (ხალხური ფანდური, უენო სალამური)
6. ანსამბლი "ურმული" - "თუშური - მწყემსის ფიქრი"
7. ანსამბლი "ურმული" - "ქართული მელოდიების პოპური" (ჭუნირი, სალამური)
8. ანსამბლი "ურმული" - "სამშობლო"
9. ანსამბლი "ურმული" - "პოპური"
10. ანსამბლი "ურმული" - "საცეკვაო"
11. ომარ კელაპტრიშვილი - "თუშური"
12. ომარ კელაპტრიშვილი - "საცეკვაო"

 

დასაწყისი