სალამურს ენა ჩავუდგი,
ბულბულის ყელის დარადა,
სული ჩავბერე, ამღერდა
ქართველთა გასახარადა.
ღმერთო! ეს ჰანგი მიკურთხე
აცოცხლე აწ და მარადა.

წერდა სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეული ხელოვანი, საქართველოს სახალხო არტისტი, მრავალი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი, სალამურის დიდოსტატი, ომარ კელაპტრიშვილი. იგი თანდაყოლილი ღვთიური ნიჭით დაჯილდოებული მუსიკოსი იყო, რომელიც გამაოგნებელ და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენდა მსმენელზე. მან ტრიუმფით დაიპყრო მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სცენა და სამშობლო არაერთგზის ასახელა. ომარ კელაპტრიშვილი დაიბადა 1943 წლის 1 იანვარს, სოფელ კავთისხევში. 1964 წელს დაამთავრა თბილისის ზაქარიაძის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებო სასწავლებლის ხალხურ საკრავთა განყოფილება. იმავე წელს იგი სრულიად საქართველომ გაიცნო. რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ომარ კელაპტრიშვილმა ოქროს მედალი და I ხარისხის მედალი დაიმსახურა. ანსამბლ "რუსთავის" დაარსებიდან, მისი ღირსეული და უცვლელი წევრი იყო, მას ყველგან ვირტუოზი შემსრულებლის სახელით ამკობდნენ.

სალამურზე ვირტუოზულად შესრულებული ხალხური თუ კლასიკური მუსიკის შედევრები, მარგალიტებივით ამკობდა ქართულ სამუსიკო ხელოვნებას. მან, ერთ-ერთმა პირველმა, მივიწყებული უძველესი საკრავი ინსტრუმენტი ხელახლა ააღორძინა და დაამკვიდრა: „ჩემი ბედისწერა ყოფილა სალამური - ძნელია იმის გადმოცემა, თუ რა განცდა დამეუფლა, როდესაც 2500 წლის წინანდელ, არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ, მცხეთელი ბიჭის სამარხში ჩაყოლებულ სალამურს შევეხე და საუკუნეების შემდეგ ავახმიანე“ - სიამაყით უთქვამს ერთხელ ომარს.

ომარ კელაპტრიშვილი იყო სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავი“ს ინსტრუმენტული ჯგუფის ხელმძღვანელი და უცვლელი სოლისტი. მან დააარსა ანსამბლი „იავნანა“, რომელსაც შემდგომში მის პატივსაცემად „კელაპტარი“ დაერქვა.

აი, რას წერდა მასზე უცხოური პრესა. ესპანეთი, სევილია, გაზეთი "ელ კორეო დე ანდალუზია": "ომარ კელაპტრიშვილმა, ანსამბლის სოლისტმა, სალამურზე დაკვრით ნამდვილი ფურორი მოახდინა. მან პირველ მოქმედებაში დიდოსტატური ვირტუოზულობით, საუცხოოდ შესრულების მანერით სანახაობა წარმოდგენად გადააქცია". გერმანია, გაზეთი "საარბრუკენ ცაიტუნგი": "კონცერტის მწვერვალად იქცა ომარ კელაპტრიშვილის გამოსვლა. იგი წარმოუდგენელი ვირტუოზულობით უკრავდა არა მარტო ერთ, არამედ ორ სალამურზე ერთად. მას აკომპანიმენტს უწევდნენ გენო მუჯირი და ჯუმბერ ყოლბაია ისევ ხალხურ საკრავებზე. დასასრულს ომარ კელაპტრიშვილმა ჩვენს პატივსაცემად მოცარტის "თურქული მარში" შეასრულა ფორტეპიანოს თანხლებით".

ომარ კელაპტრიშვილი მოგზაურობდა საქართველოს ყველა კუთხეში და აგროვებდა ფოლკლორულ მასალებს, თავის ცოდნასა და გამოცდილებას გადასცემდა მომავალ თაობას, აღზარდა მრავალი ნიჭიერი შემსრულებელი. მას დიდი წვლილი მიუძღვის ეროვნული ინსტრუმენტული კულტურის განვითარებაში. მისი დამსახურებაა, რომ ქართულმა სალამურმა მთელი მსოფლიო მოიარა.

ომარ კელაპტრიშვილმა მშობლიურ სოფელ კავთისხევში ორსართულიანი სახლი აიშენა, რომელიც მის სიცოცხლეშივე ქართველ ხელოვანთა და მწერალთა თავშესაყარად იქცა და 2003 წელს იქ მისი სახლ-მუზეუმი გაიხსნა. სახლ-მუზეუმში გამოფენილია უნიკალური ექსპონატები, აუდიო კასეტები, კომპაქტდისკები, ქართული ხალხური საკრავების ისტორიის ამსახველი მასალები, მისი საკონცერტო აფიშები, პირადი ნივთები - სიგელები, მედლები, საჩუქრები, სალამურები, ფანდურები, რომელზეც მართლაცდა ვირტუოზი ხელოვანი უკრავდა.

1992 წლის 16 აგვისტოს, 49 წლის ასაკში გარდაცვლილი სალამურის ლეგენდა - ომარ კელაპტრიშვილი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში განისვენებს. ომარ კელაპტრიშვილის პატივსაცემად, კავთისხევის საჯარო სკოლას მისი სახელი მიენიჭა. ქალაქ თბილისში ომარ კელაპტრიშვილის საცხოვრებელ სახლზე გაკრულია მემორიალური დაფა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერიც მისი სახელობისაა, აქვე ბიუსტიცაა აღმართული.

 

დასაწყისი