წინწილა
მოდინახეს ციხის გათხრებისას, ერთ-ერთ სამაროვანში, სხვა ექსპონატებთან ერთად, აღმოჩნდა წყვილი თეფში ანუ წინწილა. ეს სამარხი ჩვენი წელთაღრიცხვის IV-ე საუკუნით არის დათარიღებული. ანალოგიური საკრავები აღმოჩნდა მცხეთაში არმაზის ხევის გათხრების დროსაც. სულ ოთხი წყვილი, ე.ი. 8 წინწილა, რომელთა დიამეტრი განსხვავებულია, დიდი თეფშის დიამეტრი 40სმ, ხოლო მცირესი - 20სმ. წინწილები გარეგნულად ჩვეულებრივ თეფშებს გვანან, რომელთაც თავზე სარქველი აქვთ ხელის მოსაკიდი ყულფით. თეფშები ირგვლივ დაჩხვლეტილია. ისინი ხმის გამანაწილებლის როლს ასრულებენ. აღნიშნული საკრავი დღესაც გამოიყენება. ძველი და ახალი თეფშების შედარებამ ცხადყო, რომ გათხრებში მოპოვებული წყვილი წინწილა უკეთესად არის ნაკეთები ხმის განაწილების მხრივ, ვიდრე დღევანდელ სამხედრო ორკესტრებში არსებული უბრალო თეფშები, რომელთაც არ გააჩნიათ არც ხმის გამანაწილებელი სარტყელი და არც ხმის მარეგულირებელი ნახვრეტები.

წინწილა ქართულ ლიტერატურაში ადრევე არის მოხსენიებული, მაგალითად, «ვეფხისტყაოსანში» ვკითხულობთ:

"ბუკსა ჰკრეს და დაატკბობდეს მათთა ხმათა წინწილანი".

ჩვენს მიერ განხილული საკრავის გარდა, სხვადასხვა ლითონისაგან დამზადებული ხმის გამომცემი ანუ საჩხარუნებელი და ჟღარუნებიც არსებობდა. ესენია: ლინი, ეჟვანი, ქოსი და სხვ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დასაწყისი