ამოჭიკჭიკდი ფანდუროб
გული შაბურე ნისლითა,
მაშფოთოს ხმამა მკვნესარმა,
ჩემს საყვარელზე ფიქრითა.
შენ რო გულს მამფენ ნათელსა,
არ იყიდება ფულითა.
იმით მიყვარხარ, ტიალო,
იმით ყურს გიგდებ გულითა.
- ვაჟა-ფშაველა -

ფანდური სამ სიმიანი სააკომპანემენტო საკრავია, რომელიც გავრცელებულია საქართველოს ყველა კუთხეში. მისი თანხლებით სრულდება სოლო საგმირო, სახუმარო, სატრფიალო სიმღერები და შაირები. ფანდურზე სრულდება საცეკვაო სიმღერებიც. ამ “საცეკვაოებს” ცეკვის დროს ახლავს ტაში, რომელიც ხაზს უსვამს რიტმს. ფანდურისა და ტაშის თანხლებით ცეკვას “ტაშფანდურას” ეძახიან.

იმერული კლასიკური ფანდური. (ნაწილებ-შეწებებული)

Panduri Samples

ფანდურის ძირითადი ნაწილებია: კორპუსი, ტარი და დამხმარე ნაწილები. კორპუსი შედგება მუცლისა(1) და ზედა დეკისაგან(2), ტარი - თავისა(3) და ყელისაგან(4). დამხმარე ნაწილებია: მოქლონები(5), ხარაკი(6), საქცევები(7), ჯორა(8) და ღილი(9). ფანდური გამოთლილია მთლიანი ხისაგან. როგორც წესი, ფანდურის მუცელი ღრუდ არის ამოჭრილი და მთლიანია, ასევე ხშირად ფანდური ნაწილ-ნაწილ არის აწყობილი და მუცელი ნაწილებ-შეწებებული აქვს (სურათზე ნაჩვენებია ნაწილებ-შეწებებული ფანდური). სხვადასხვა კუთხის ფანდურების კორპუსები განსხვავებულია. ხევსურული ფანდურის კორპუსი ნიჩბისებურია და მასიური, დანარჩენი კუთხეებისა კი - ნავისებური, ოვალური ან მსხლისებრი. ზედა დეკაზე(2) წრიულად ან ოვალურად გაკეთებულია ნახვრეტები. ხევსურულ ფანდურს მეტი ნახვრეტი აქვს, ვიდრე სხვა კუთხეების ფანდურებს. ტარის თავი(3) ოდნავ გადახრილია უკან ან ნიჟარისებურია. მასზე გაკეთებულია ოთხი ნახვრეტი, სამი სიმების დამჭერი მოქლონებისათვის, ერთი - პატარა თასმისთვის, რომლითაც ფანდურს კედელზე ჰკიდებენ. ფანდურის ყველა ნაწილი ერთი მასალისაგან კეთდება, თუმცა ხევსურეთში ამჯობინებენ ზედა დეკის გაკეთებას განსხვავებული ხისგან (კერძოდ ფიჭვისა ან ნაძვისგან). ფანდურს აქვს სამი სიმი (ლარი, ძალი, ალყა). სიმები თანაბარი სიგრძის და სისქის არის. ფანდურის თითოეული სიმის ბგერათრიგი დიატონურია. ხევსურული ფანდურის დიაპაზონია სექსტა, ხოლო ბარის ფანდურის - ოქტავა ან ნონა. ფანდურის წყობა სეკუნდურ-ტერციულია. I და II სიმების მიერ გამოცემული ბგერები იძლევა მცირე ტერციას, II და III სიმების მიერ გამოცემული ბგერები - დიდ სეკუნდას.

კლასიკური ფანდურის წყობა
ხალხური ფანდურის წყობა: ქვემოდან I სიმი პირველი ოქტავის "დო", II სიმი მცირე ოქტავის "ლა", III სიმი ანუ ბანი მცირე ოქტავის "სოლ". G-A-C;
ორსიმიანი ხევსურული ფანდურის წყობა: G-C.
კლასიკური ფანდურის წყობა: ქვემოდან I სიმია "მი"; II სიმი "დო#"; III სიმი "ლა".

მთლიანი ხისაგან გამოთლილი იმერული ხალხური ფანდური

Panduri Samples

ზეპირი გადმოცემების მიხედვით, წინათ წარმოუდგენელი იყო ოჯახი უფანდუროდ. თუ ვინმეს ფანდური არ ჰქონდა, აჩუქებდნენ ან იყიდდა. ფანდურის ჩუქების შემთხვევები ძალიან ხშირი ყოფილა. ფანდური ითვლებოდა საუკეთესო სამახსოვრო ნივთად. შეიძლებოდა ფანდურის ყიდვაც. ხევსურეთში «კარგი ფანდური ერთ ცხვრად ან 5 კგ ერბოდ ფასობდა». ყველა კუთხეში ერთხმად აღნიშნავენ, რომ წინათ იშვიათად თუ აკეთებდნენ ფანდურებს გასაყიდად. ზედმეტ ფანდურს კი არ ჰყიდდნენ, არამედ ვინმეს აჩუქებდნენ. ყოველ ოჯახში ფანდური თვალსაჩინო ადგილას ინახებოდა, ჩამოკიდებული იყო კედელზე. ფანდურზე უკრავენ როგორც ქალები, ისე მამაკაცებიც. ძირითადად, ფანდური სააკომპანემენტო საკრავს წარმოადგენს. მისი თანხლებით სრულდებოდა სოლო სიმღერები, საგმირო ლექსები. ფანდურის გარეშე წარმოუდგენელი იყო ყოველგვარი შეკრება ხალხისა - ლხინი, ქორწილი თუ ხატობა. (სურათზე ნაჩვენებია მთლიანი ხისაგან გამოთლილი იმერული ხალხური ფანდური).

კახეთში ფანდურის თანხლებით “იავნანას” უმღეროდნენ «ბატონებიან» ავადმყოფს. როგორც წესი, ეს საგალობელი ინსტრუმენტის თანხლების გარეშე სრულდება. ფანდურის თანხლებით "იავნანას" შესრულება, ჩანს, მოგვიანებით დაიწყეს. თუმცა ფანდურის გამოყენება «ბატონების» კულტთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებში, საკრავის სიძველეზე უნდა მიუთითებდეს. ფანდური გამოიყენებოდა შრომითი პროცესის დროს, საწეს-ჩვეულებო რიტუალების შესრულებისას და ხატობა-დღეობებში. ფანდური ყველა ოჯახის აუცილებელ ნივთს წარმოადგენდა. იგი იყო მხიარულების სიმბოლო, სწორედ ამიტომ არ შეიძლებოდა ფანდურზე დაკვრა მგლოვიარე ოჯახში. არამც თუ დაკვრა, ფანდურის გამოჩენაც კი არ შეიძლებოდა ამ დროს. ოჯახში რომ ვინმე გარდაიცვლებოდა, ფანდურს გადამალავდნენ და წლის გასვლამდე არ გამოაჩენდნენ. წლის ბოლოს ოჯახის უფროსი ხელში აიღებდა ფანდურს, ჩამოჰკრავდა თითებს სიმებზე და იმღერებდა, ამით «ლხინი გატეხილი იყო». შემდეგ გადასცემდა ფანდურს სხვას და უკვე ამ ოჯახს, მის ნათესავებს და მთელ სოფელს უფლება ჰქონდა დაკვრისა და სიმღერისა.

სოფელში თუ ოჯახს ქორწილი ჰქონდა გადასახდელი, მაგრამ ჭირისუფლის ხათრით ვერ იხდიდა, მაშინ თვითონ ჭირისუფალი "გატეხდა ფანდურს". ის ხალხში მივიდოდა, ფანდურს მიიტანდა (ან მოატანინებდა), დაუკრავდა და იმღერებდა. შემდეგ სხვებსაც შეაძლევდა ფანდურს დასაკრავად. დიდი შეპატიჟების შემდეგ ჩამოართმევდნენ ფანდურს და სხვებიც დაუკრავდნენ და დაიწყებდნენ სიმღერა-თამაშს. ასე "გატყდებოდა ფანდური" სოფლელთათვის, გარდაცვლილის ახლობლები კი "გლოვას" განაგრძნობდნენ.

ფანდური მწყემსებსაც მიჰქონდათ ცხვარში. ამას ცხადყოფს მთელი რიგი ეთნოგრაფიული კვლევები. იგივეს ადასტურებს მრავალი ხალხური ლექსი. რა წამს მეცხვარეს მინდორში მოზღვავებული გრძნობა მოაწვებოდა და მისი გამოთქმის შეუკავებელი წყურვილი მოიცავდა, იმ წამსვე თავისი ფანდური მოაგონდებოდა, რომლის ჰანგები ფიქრის წყობილსიტყვაობით გამოთქმა იყო. მას ვერც კი წარმოედგინა უფანდუროდ ყოფნა. ეს გარემოება არაერთ ხევსურულ ლექსშია აღნიშნული: «დავჯე ლექსობა დავიწყი, ფანდურ ავიღე ხელშია». «გარმოგიტანე ფანდურო, დაგიკარ მაძახურაო».

«ლექსო ამოგთქომ ოხერო,
თორო იქნება ვკვდებოდე,
და შენ კი ჩემად სახსოვრად
სააქაოსა რჩებოდე,
გიმღერდნენ ჩემებრ სწორები
ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე».

კარგი მეფანდურე მთაში მცხოვრებთა შორის ქებულია. მის გარეშე ლხინი არ შედგება. ამიტომ არის, რომ ეს საკრავი მამა-პაპეულ საკრავად დარჩა ჩვენში. ფანდური საუკუნეების მანძილზე მოსდევს ქართველ ხალხს და დღესაც საპატიო ადგილი უჭირავს მის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ხალხური და კლასიკური ფანდური

1934 წელს, ცნობილმა ქართველმა ხელოვნებათმცოდნემ, კირილე ვაშაკიძემ რთული მათემატიკური გათვლების შედეგად წარმოადგინა ფანდურის ახალი სრულყოფილი სახე. მან გამოიკვლია 6 დანაყოფიანი ფანდური (ხალხური) და დაუმატა ბემოლი და ძიეზი ნახევარტონები. ამით შექმნა ფანდური პრიმა და ტენორი 12 დანაყოფით, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე ფანდურს. ყოველივე ამან ხელი შეუწყო ქართველ მუსიკოსებს ფანდურზე დაეკრათ არა მხოლოდ სააკოპანემენტო მელოდიები, არამედ სოლო მელოდიებიც. კირილე ვაშაკიძეს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ეროვნული მუსიკალური ორკესტრის ჩამოყალიბებაში.

 

Panduri Samples

გთავაზობთ მოუსმინოთ ფანდურის სადემონსტრაციო ჩანაწერებს:
1. დავით ნემსვერიძე - ქალს ერთი უნდა უყვარდეს (კლასიკური ფანდური)
2. დავით ნემსვერიძე - თუშური (კლასიკური ფანდური)
3. დავით ნემსვერიძე - ხორუმი (კლასიკური ფანდური)
4. დავით ნემსვერიძე - ხორუმი (კლასიკური ფანდური, დოლი)
5. დავით ნემსვერიძე - სვანური საფერხულო - "შინა ვორგილ"
6. დავით ნემსვერიძე - აჭარული საცეკვაო (კლასიკური ფანდური)
7. დავით ნემსვერიძე - აჭარული საცეკვაო (კლასიკური ფანდური, დოლი)
8. მაიზერ გაზდელიანი - კახური შაირები (ხალხური ფანდური)
9. მაიზერ გაზდელიანი - კახური შაირები (ხალხური ფანდური)
10. ანსამბლი "ლაშარი" - "თუშური მელოდიების პოპური" (ხალხური ფანდური, უენო სალამური)
11. ანსამბლი "ურმული" - "ქართული მელოდიების პოპური" (ჭუნირი, სალამური)
12. ანსამბლი "ურმული" - "პოპური" (სალამური, ბასფანდური)

 

დასაწყისი