გუდასტვირი
გუდასტვირის ბგერათრიგი დიატონურია. მასზე აიღება ორხმიანი თანაბარბგერადობები და სრულდება ორხმიანი ჰანგები. ორხმიანობა მიიღწევა რქაში ჩასმული ორი ლერწმის ერთდროული აჟღერებით. გუდასტვირის დიაპაზონია პატარა სეპტიმა. მებანის სამი თვალი დამწყების ქვედა სამი თვალის გასწვრივ არის გაკეთებული.

როგორც აღვნიშნეთ, რქა (ყანწი) ჯიხვის ან ხარისაა. იგი შემკულია ძეწკვებითა და ფერადი მინებით. რქა ჩასმულია ბუდეში. რქაში ჩადებულია «ღრუბელი» (ბამბა), რომელიც იწოვს დაკვრის დროს გამოყოფილ ნერწყვს. გუდას სვამენ შალითაში, რომელსაც «ჩანთა» ან «პერანგი» ეწოდება.

გუდასტვირი წარმოადგენს სააკომპანემენტო საკრავს, მაგრამ მასზე საცეკვაო მელოდიებიც სრულდება. ზოგჯერ ის ინსტრუმენტული ანსამბლის მონაწილეც არის (დოლთან ერთად). რაჭული სტვირი უმეტესად რეჩიტატიული სიმღერბის თანმხლების ფუნქციას ასრულებს, ძირითადი როლი ტექსტს აკისრია და არა მელოდიას. აქედან გამომდინარე, გუდასტვირის თანხლებაც შეზღუდულია.

მესტვირის რეპერტუარს წარმოადგენს ისტორიული, ეპიკური, სატირული, კომიკური, ლირიკული ლექსები. რაჭული სიმღერები, რომლებიც გუდასტვირის თანხლებით სრულდება, ერთხმიანია. ამ საკრავზე მხოლოდ მამაკაცები უკრავენ. რაჭველი მესტვირეები - მოხეტიალე მუსიკოსები, სასურველ სტუმრებად ითვლებოდნენ დღეობებსა თუ ქორწილებში. რაჭაში მესტვირეობა წარმოადგენდა გარკვეულ პროფესიას, რომელიც ამ მოხეტიალე მუსიკოსებისათვის შემოსავლის დამხმარე წყარო იყო. ქართლელი მესტვირეების უმეტესი ნაწილი გუდასტვირზე ბერიკაულს უკრავდა. ისინი ხშირად მონაწილეობდნენ ძველ ქართულ საიმპროვიზაციო წარმოდგენაში - «ბერიკაობაში» (სათამაშო, საცეკვაო).

ეს საკრავი დღესაც არის გავრცელებული ქართლში და ფშავში - სტვირის, მესხეთში - თულუმის, რაჭაში - სტვირის, ან შტვირის, აჭარაში კი ჭიბონის, ან ჭიმონის სახელწოდებით. წერილობითი და ზეპირი გადმოცემების მიხედვით ჩანს, რომ გუდასტვირი წინათ მთელ საქართველოში უნდა ყოფილიყო გავრცელებული, ძირითადად: კახეთში, მესხეთში, აჭარასა და რაჭაში. ამას ერთი მხრივ ის გარემოება ამტკიცებს, რომ XIX საუკუნის 80-იან წლებში ოსტატები, რომლებიც გუდასტვირს ამზადებდნენ, აღმოსავლეთ საქართველოში, გორში და თელავში ცხოვრობდნენ. დღეისათვის კი აქ გუდასტვირი კარგა ხნის მივიწყებულია.

ქართლური გუდასტვირის წყობა:
I ღეროზე — c 1- d 1- es 1-f 1-g 1-as 1-b 1;
II ღეროზე — c 1-d 1-es 1-f. 1.

რაჭული გუდასტვირის წყობა:
I ღეროზე — c 1- d 1- es 1-f 1-g 1-as 1-b 1,
II ღეროზე — c 1-d 1-es 1-f. 1.

ფშაური გუდასტვირის წყობა:
I ღეროზე — c 1- d 1- es 1-f 1-g 1-as 1-b 1;
II ღეროზე — c 1-d 1.

გუდასტვირის ხმოვანება

მთხრობელთა გადმოცემით კახეთში გუდასტვირს საზანდარსაც ეძახდნენ, რის შესახებაც ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავს: «...საზანდარი ამ საკრავის შედარებით ახალი და ქალაქური, თანაც შეუფერებელი სპარსული სახელია». გუდასტვირი უძველეს ქართულ ძეგლებში არსად არ გვხვდება. ეს გარემოება გაკვირვებას არც უნდა იწვევდეს, რადგან «...ძნელი მოსალოდნელია, რომ ასეთი წმინდა ხალხური საკრავის სახელი ძველ წერილობით ძეგლებში ხშირი იყოს». გუდასტვირები თეიმურაზ I-ს დასახელებული აქვს «ლეილ-მაჯნუნიანში»: «არ გაიწყვიტის მასთანა მოლექსე-მოშაირები... ჰკვრენ ათასფერნი მუშტრიბნი არ ცუდი გუდასტვირები».

Gudastviri Samples

გთავაზობთ მოუსმინოთ გუდასტვირის სადემონსტრაციო ჩანაწერებს:
1. რაჭული "მესტვირული"
2. ანსამბლი "რაჭა" - რაჭული "მესტვირული"
3. მაიზერ გაზდელიანი - რაჭული "მესტვირული"
4. არქივი - რაჭული "მესტვირული"
5. არქივი - რაჭული "სადღეგრძელო"
6. შერმადინ ჩაგელიშვილი - რაჭული "მესტვირული"
7. შერმადინ ჩაგელიშვილი - რაჭული "სადღეგრძელო"

 

დასაწყისი