დუდუკი
დუდუკი ჩასაბერი საკრავია. დუდუკის ძირითადი ნაწილებია: ლულა(1), ყამიში(2), ხუფი და რეგულატორი. ლულა(1) მზადდება უმთავრესად ჭერამის, თუთის ან ბზისაგან, ხოლო ყამიში ლელის ხისაგან. (საყამიშე ჩალა, ლელი, ლელქაში, იზრდება ჩვეულებრივად ტბის, რუსა და წყლის პირზე). ლულაზე ზემოდან ამოჭრილია 8-9 და ქვემოდან 1 ნახვრეტი (თვალი). ლულაში ჩადგმულია ლელის ან ლელქაშის ბრტყელი ორმაგი მილაკი - ყამიში(2).

დუდუკის ბგერათრიგი დიატონურია. ნახვრეტების ნაწილობრივ დახურვისას მიიღება ქრომატული ბგერათრიგიც. დუდუკი არის როგორც საანსამბლო, ისე სოლო საკრავი. აქვს ნაზი, რბილი ხმოვანება. «დასტა» - აღმოსავლეთ მუსიკალური საკრავების დამკვრელთა მცირე ანსამბლი, შედგება ორი ზურნის ან ორი დუდუკის და დოლისაგან. მელოდიას ასრულებს ერთი მეზურნე - «უსტა» - ოსტატი; მეორე მეზურნე - «დამქაში» - მელოდიას ბურდონული ბანით მიჰყვება კილოს ძირითად საფეხურზე. მედოლე დახელოვნებული მომღერალიცაა. დუდუკის რეპერტუარი მრავალფეროვანია; ასრულებენ უმთავრესად საყოფაცხოვრებო, სატრფიალო, სალაღობო, ლირიკულ, საცეკვაო მუსიკას.

დუდუკის წყობა: g-a-b-c 1-d 1-es 1-f 1-g 1.

დუდუკი საქართველოში აღმოსავლეთ ქვეყნებიდან შემოვიდა XVII საუკუნეში, იგი ყარაჩოღელებისა და თავადიშვილების დროსტარების განუყრელი თანმხლები იყო. დუდუკი თანდათანობით გამდიდრდა ქართული რეპერტუარით. განსაკუთრებით განვითარდა და დაიხვეწა XX საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც ცნობილმა ხალხურმა მომღერალმა ანა ვარდიაშვილმა მას მესამე დუდუკი დაუმატა. ამიერიდან დასტამ იწყო სამხმიანი ქართული სიმღერების შესრულება და დიდი პოპულარობა მოიპოვა საქართველოში და მის საზღვრებს გარეთაც.

დუდუკი
დუდუკს, როგორც ჩასაბერ საკრავთა ჯგუფის ყოველ წევრს, ახასიათებს განსაზღვრული აღნაგობა და ინტონაცია. დუდუკის ინდივიდიალურ თავისებურებას საამო და გულში ჩამწვდომი ხმა წარმოადგენს. ამ თვისების გამო ეწოდებოდა მას «ტკბილი დუდუკი». მწერალ ვასილ ბარნოვის თქმით, იშვიათად თუ მოიძებნება დუდუკზე ტკბილი და ნაზსევდიანი ხმის მქონე ხალხური საკრავი, რომლის კილო ასე ახლობელია ქართველი კაცისათვის, მაგრამ არა მარტო ტკბილ ხმათათვის შეიყვარა იგი ჩვენმა ხალხმა. კოლორიტული ქართული სიმღერა, წარსული ცხოვრებით დაღდასმული მისი ნაღვლიანი კილო გამოძახილს ჰპოვებდა ტკბილი დუდუკის ჰანგებში. მის ხმებში აქსოვდა და ასახიერებდა ქართველი კაცი თავის გულის ნადებს, შინაგან განცდებს. ტკბილმა ტემბრმა და დიდმა გამომსახველობითმა ძალამ დუდუკი ხალხის საყვარელ მუსიკალურ საკრავად აქცია.

დუდუკს ქართულ ხალხურ მუსიკალურ მემკვიდრეობაში მტკიცე და ღრმა ტრადიციები გააჩნია. ამას, სხვა მრავალ ფაქტთან ერთად, დუდუკის დამზადების მაღალი კულტურაც მოწმობს. დუდუკის გაუმჯობესება-დახვეწა (სხვადასხვა ხმის მისაღებად საგანგებო საშუალებათა ძებნა), როგორც ამას ქვემოთ დავინახავთ, ქართველ მედუდუკეთა დაუცხრომელი ზრუნვისა და შემოქმედებითი ძიების საგანს წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ძველ წერილობით წყაროებში ამ საკრავის რაობისა და წარმომავლობის შესახებ პირდაპირი ცნობები არ მოიპოვება, არც სახელი - დუდუკი ჩანს, რის გამოც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზეპირგადმოცემებს და ხანდაზმულ პირთა ნაამბობს. მაგალითად: 1935 წელს აკად. ივ. ჯავახიშვილის თაოსნობით შეკრებილ შინამრეწველობის ისტორიის მასალებში დაცულია 63 წლის ნიკო დავითნიძის ნაამბობი: «შიგნით კახეთში, სულ წინათ, ყოფილა გამწვარი ხე, აი როგორც სალამური, ეგეთი ყოფილა. იმას ჰქვიოდა დუდუკი, ის უკრამთ უწინა. იმ დუდუკს ჯერ არაფერი ჰქონია: აი, როგორც უენო სალამური იმ ჯურა ყოფილა. მერე იმ დუდუკისთვინა მაღლიდან ჩალები გაუკეთებია: პირში უკეთებდნენ იმ ჩალებს და იქიდან ჰბერამდნენ. იმას ჰქონდა მძიმე, შეწყობილი ხმა".

ზეპირი გადმოცემებიდანვე ირკვევა, რომ "მოგვიანებით დაამზადეს ბოლობრტყელი დუდუკი და მას ზურნა დაუძახეს... დუდუკიდან მოუგონებიათ ზურნა... იმ ზურნას სტვირსაც ეძახიან და ვინც დაუკრამდნენ, მესტვირეებს ვეძახდით იმათა". დუდუკი და ზურნა სხვადასხვა საკრავია. "მათ საერთო ის აქვთ, რომ ორივე საკრავი ენიანია, თუმცა სწორედ ეს ენა განასხვავებს მათ ერთმანეთისაგან. პირველის ენა საგანგებოდ მზადდება ლერწმისაგან, მეორეს ენა (ყამიში) - სხვა ხასიათისაა. ისინი მოყვანილობითაც განირჩევიან. პირველს შვეტი, სწორად გაყვანილი გრძელი ტანი აქვს, მეორეს - კონუსისებური, ბოლოგანიერი. ორივე საკრავს 9-9 სახმო თვალი აქვს, რვა თვალი ზემოდან და თითო-ქვემოდან". პირველიცა და მეორე მთხრობელიც ხაზს უსვამს, რომ ეს საკრავები ხმის მიხედვითაც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. დუდუკი "წმინდა ხმაზე იძახის, დაბლად და ტკბილად უკრავს", ზურნა კი "მაღალ ხმაზე ჭყივის და მსმენელს აგულისებს". ამ ორი საკრავის შედარებისას მედუდუკეები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ თითოეული მათგანის მუსიკალურ ჟღერადობას. მათი თქმით დუდუკი «მიმქრალი», წმინდა წკრიალა ხმით ჟღერს და «ღუღუნებს», ზურნა - მაღალი, მყიფე და გაბზარული ხმით «როშავს». ამის გამო, ეს საკრავები თავისი ფუნქციითაც განირჩევიან. დუდუკი, ლხინის სუფრის თანმხლებია. იგი მისი მშვენება და სამკაულია, ისე როგორც სტვირი. ქართული სერობისათვის ეს დამახასიათებელი მომენტი იყო. დუდუკი დღეობების, სიმღერა-თამაშის, ქორწილებისა და ლხინის განუყრელი თანმხლები იყო. ქართლში, კერძოდ, სოფელ რუისში, სადაც ფერისცვალობის დიდი დღეობა იმართებოდა, გლეხი თუ აზნაური მედუდუკეთა სამეულის (დასტის) ჰანგების თანხლებით ატარებდა დროს და ილხენდა.

დუდუკი
დუდუკის დამზადების ტრადიცია საქართველოში ახლაც ცოცხლობს და, შეიძლება ითქვას, წარმატებით ვითარდება. აი როგორ აღწერა საკრავის დამზადების პროცესი ცნობილმა მედუდუკემ მიხეილ ადამაშვილმა: "ძირითადად, დუდუკი ჭერმისა და ბზის ხისგან კეთდება. ჭერმისგან დამზადებული დუდუკი საერთოდ ძალზედ ხმიანია, ფართო რეზონანსი აქვს. ბზის დუდუკი მტკიცე და მკვიდრია, მაგრამ ხმის სინარნარითა და ჟღერადობით პირველს ვერ ედრება. სამასალე ხე მზვარე ადგილასაა უკეთესი. საქართველოში ყველაზე კარგი მასალა ავჭალასა და დიღომში იზრდება. საერთოდ, საკრავის დასამზადებლად უმჯობესია შვეტი, ტოტებამდე უროკო ტანი ხე, რომელიც ადვილად ემორჩილება დამუშავებას. სამასალედ შერჩეული ზრდადამთავრებული ჭერმის ხე უნდა მოიჭრას, როდესაც მას შემშრალი აქვს როპი. შემდეგ ამისა, შერჩეული ტანი ხე დაიმორება ზომაზე (მორის სიგრძე საშუალოდ 40-50 სმ). დაჭრილ მორებს თავსა და ბოლოზე საქონლის პატივსა და მიწას მოსცხებენ, რათა ნედლი ხე არ «გაიღვეროს» და «დაიფრაკოს». შემდეგ ამ სახით შემზადებულ სადუდუკე ხის მორებს ჩრდილში, მშრალ ადგილას ინახავენ და აცლიან გაშრობას და შეჭკნობას. ორი-სამი თვის შემდეგ მასალა საკმაოდ გამომშრალია და აღარ არის საშიში რომ დასკდეს. ამის შემდეგ მორს აიღებენ, ცილას შემოათლიან და გულზე დააყენებენ. დააპობენ ზომაზე. თითოეულს დახვრეტენ «ციბრუტით». ამ სახით მიღებულ შინაგან სიღრუეს მართხაფი ეწოდება. იტყვიან: «რა მართხაფია შიგნით» ე.ი. რას უდრის დიამეტრიო. გახვრეტის შემდეგ გაიჩარხება თანაზომიერად. კედლის სისქე უნდა დავიდეს 20-21 მმ-დე. მხოლოდ თავთანაა სულ მცირედით გაგანიერებული (დაახლოებით 1 სმ-ის დაშორებით ნახვრეტიდან), რათა მასში ადვილად ჩაჯდეს ლელის «საბაგური» (ყამიში), რომლის სიმსხო 3-4 მმ-ს უდრის".

"ამ სახით გამზადებული სადუდუკე ახლა თვლების გაწყობას საჭიროებს. ამისათვის დუდუკს ზედაპირზე უკეთდება რამდენიმე «სახმო თვალი». თითოეული «თვალი» (ნახვრეტი) მრგვალი მოყვანილობის და ერთნაირი სიდიდისაა. დუდუკს აქვს ათი თვალი: 9 მათგანი ზემო თვალია თანრიგით (000 000 000), ხოლო მეათე - ქვეშათვალია, რომელიც ქვედაპირზე, წინა ორთვალშუაა მოთავსებული". ძველ დუდუკს, მცოდნეთა ჩვენებით მხოლოდ 7 «თვალი» ჰქონდა. ექვსი ზედა მხრით და ერთიც ქვეშ, ქვედა მხრით.

ზედა და ქვედა რეგისტრის დუდუკები
რაც შეეხება «ბანის დუდუკს», იგი შემუშავდა 1933 წელს. მას 11 თვალი აქვს. უკანასკნელ ხანს, კერძოდ, 1958 წელს, მიხეილ ადამაშვილმა შეიმუშავა ბანის დუდუკი, რომელსაც 8 თვალი აქვს. აღნიშნულ ძველ დუდუკზე ზემოთა ექვსივე თვალი თანაბარია და ერთნაირ ხმას იღებს. მხოლოდ მეშვიდეს დაშორება ქმნის ხმის ნაირგვარობას.

განვაგრძობთ დუდუკის დამზადების პროცესის აღწერას: ...ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ საჭიროა დუდუკის «დადაღვა». ამიტომ გამზადებულ დუდუკს ათავსებენ ქონში (ქონი უნდა იყოს ძროხისა, შიგნეულის). ცალკეულ შემთხვევაში, მხოლოდ შიგნით ასხამენ გამდნარ ქონს, რათა მისი ტანი მთლიანად გაიჟღინთოს და წყალშეუვალი გახდეს, შემდეგ დუდუკს ერთი დღე-ღამის განმავლობაში კირწყალში ჩადებენ ან შემოალესავენ კირს გარედან. კირი ახალი უნდა იყოს, ძველი ვერ იღებს ძალას. კირი თავისებურ ფერს აძლევს ხეს, მოყავისფროდ დათალხავს ხოლმე მის ზედაპირს. ზოგიერთი ხე ვერ იღებს კირს და ყავისფერი რჩება, ზოგი კი ადვილად ითვისებს და მოშავო გამოდის. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს ხის ასაკს. უფრო ახალგაზრდა ხე ძნელად ემორჩილება კირის გავლენას, ხოლო შედარებით ხნიერი - ადვილად. საერთოდ დუდუკისათვის ხე რაც უფრო ხნიერია უკეთესია, ოღონდ სულ ბებერი ხეც არ ვარგა ხმისათვის.

ამის შემდეგ «საბაგური» - ყამიში (ლელი, ჩალა) უნდა გაუკეთდეს. ეს საყამიშე ჩალა იზრდება ჩვეულებრივად ტბის, რუსა და წყლის პირებზე. იგი მოიჭრება ძირიდან მესამე-მეოთხე მუხლზე. უნდა იყოს საკმაოდ მომწიფებული, კარგად შემხმარი. ახალი და მწვანე უნდილი გამოდის, არ ვარგა. ლელი მოაქვთ კონებად შეკრული და განიავებამდე აშრობენ. შემდეგ დაჭრიან თითოეულ საყამიშედ შერჩეულ ღეროს ზომაზე, მისი სიგრძე უნდა იყოს ერთი ციდა, ხოლო სიმსხო - ნეკის ტოლი. მუხლის ბოლო დაახლოებით - 0,5 სმ. ამ სახით გამოჭრილი ლელი საჭიროა გაიწმინდოს შიგა მხრიდან. გასაწმენდად იხმარება რკინის ან ხის წვრილი ღერო. გაწმენდა მიზნად ისახავს ლელის შიგნითა გარსის გამოხვეწას. ასეთი საწმენდი მრგვალი, სწორი და ბოლო მოხრილი უნდა იყოს, რომ არ დააზიანოს ლელის ღრუ (შიგნითა კედელი). როდესაც ეს საქმე მოთავდება და მუხლი გაიწმინდება, ერთი გოჯის ზომის გარეთა კანი მაინც რჩება. იგი მხოლოდ დამუშავების პროცესშია საჭირო და როდესაც გარეთა კანის დახვეწა დასრულდება (რასაც დანით აკეთებენ), ამ ნაშთსაც მოაშორებენ. შემდეგ ირიბად წაითლება (გვერდზე) «ტუჩები» და ხელის მოსაკიდი კეთდება. ამის მერე მას დანის ყუით უწყებენ ზელვას, ურბილებენ გვერდებს. ამასთან იწყებენ დაყალიბებას. აქვთ ორი, დიდი და პატარა ყალიბი და იმით ახდენენ დაწნეხვას. ჯერ ხმარობენ დიდ ყალიბს. როცა ლელი კარგად დაწვება და პირს შეიკრავს, გაუკეთებენ თავის ზომის რკალს, შეუმოწმებენ გარშემო «საბაგურს» და უკვე მზადაა. მხოლოდ დადაღვაღა უნდა. დადაღვისათვის ხმარობენ სელის ზეთს (მწარე ზეთი). ცეცხლის პირად ფრთხილად ატრიალებენ ზეთში ისე რომ არ დაიწვას. როდესაც კარგად «შეიბრაწება» ამოიღებენ ზეთიდან და გაცივების შემდეგ ჩაუშვებენ სუფთა წყალში. აავსებენ წყლით და ტოვებენ გარკვეული დროით, რათა კარგად გაიჟღინთოს. შემდეგ ამოიღებენ და შეამოწმებენ ხმოვანების მიხედვით. თუ ვარგისი ხმა აქვს, ფარდს გაუკეთებენ. ფარდი მზადდება ერთგვარი ეკლისაგან, რომელსაც ღიჭა ეწოდება. დუდუკის დამზადების ეს წესები ქართველი ხალხის მუსიკალური კულტურის მაღალ დონეს მოწმობს. თანამედროვე მედუდუკეთა შეხედულებით, დუდუკი ქართული სინამდვილიდან მომდინარე საკრავია. ამის სფუძვლად ისინი თვლიან დუდუკის კულტურის ტრადიციებს, პროფესიონალ მედუდუკეთა და, რაც მთავარია, დუდუკის წარმოების მოქმედი ცენტრების (თბილისი, გორი, დირბი, იყალთო და სხვ.) არსებობას საქართველოში. სოფელი დირბი დუდუკის წარმოების განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ცენტრად არის აღიარებული. სახელმოხვეჭილი მედუდუკეები - გოლა, ციგანა, ტიღა, დავით ზუბიაშვილი წარმოშობით დირბელები იყვნენ.

მიხეილ ადამიშვილი ერთ საგულისხმო ცნობასაც გვაწვდის: «წინაპრების გადმოცემით, დუდუკი ჩვენი საკრავია. ხალხს ერევა ერთიმეორეში დუდუკი და ზურნა. ეს უკანასკნელი მართლა არაა აქაური. ბევრი ქვეყანა შემოვიარე, მაგრამ არსად ეს საკრავი არ მინახავს. ზურნა კი რამდენიც გინდა, ყველგან იყო. კერძოდ, პარიზში ასეთი შემთხვევაც მქონდა: ერთ რესტორანში შევედით სასადილოდ, იქ დავუკარით დუდუკი, რესტორნის პატრონი აღმოჩნდა სომეხი, რომელიც მოკრივე ყოფილიყო და შემდეგ რესტორანიც გაეხსნა. დუდუკის ხმა რომ გაიგონა, გახარებული მოვარდა ჩვენთან და აღფრთოვანებულმა მოგვმართა: «ბიჭებო, თავი ახლა საქართველოში მგონია, დუდუკის ხმა რომ გავიგონე». ...საზღვარგარეთ, სადაც კი დავუკარით დუდუკი, საერთო ინტერესი გამოიწვია. კონცერტის დამთავრების შემდეგ, ჩვენთან მოდიოდნენ როგორც სპეციალისტები, ისე სხვა დაინტერესებული პირნი და დაწვრილებით გვეკითხებოდნენ ამ საკრავის შესახებ".

საერთოდ, დუდუკით დაინტერესება ერთობ დიდი იყო ყველგან. დუდუკის მელოდიები ფირფიტებზეც გადაჰქონდათ და საკმაო რაოდენობით ავრცელებდნენ». «კარგად ვიცი და მწამს, რომ დუდუკის ნამდვილი და ძირითადი ბუდე საქართველოა. ამას მოწმობს ძველ მედუდუკეთა გადმოცემები და დუდუკის დიდი ტრადიციების არსებობა სწორედ აქ. დუდუკი ძალიან თავისებური და სათუთი საკრავია და მისი სრულყოფილად დაუფლება საკმაოდ ძნელია. მაგალითად: ისეთი ცნობილი მედუდუკეები, როგორებიც იყვნენ პავლე მაისურაძე, ვანო რაზმაძე, დათა ზუბიაშვილი, ავეტიკა თეთრიაშვილი და სხვანი, ახლა ძვირად თუ მოიძებნებიან. ამ მედუდუკეთა დაკვრა გამოირჩეოდა ტკბილი და საამო ხმით. ძველი მედუდუკენი უნოტოდ უკრავდნენ, მაგრამ იმდენად წმინდად, რომ მისი გადაღება ნოტებზე სპეციალისტებს სულაც არ უჭირდათ.

 

დასაწყისი