დაირა

Daira Samples

დაირა წარმოადგენს ხის რკალს(1), რომელზეც გადაკრულია ცხვრის ტყავის თხელი აპკი(2). რკალზე შიგნიდან ჩამოკიდებულია ეჟვნები და პატარა ფირფიტები(3). ეჟვნებს ამაგრებენ წვრილი ლურსმნებით. დაირას კორპუსის სიმაღლისა და ჟღერადი ზედაპირის დიამეტრის შეფარდებაა 1/5. დაირას რკალი ხშირ შემთხვევაში ინკრუსტრირებულია შავი ან თეთრი ძვლით ან სადაფით, იშვიათად სრულიად სადაა. ორნამენტირებულ მდიდრულ დაირებს კარგი მუსიკოსები და მდიდარი ოჯახები ინახავდნენ. დაირას კარგი დამკვრელები მონაწილეობდნენ ქორწილებში, დღეობებში, მეჯლისებში და სხვ. დაირა გვხვდება სამეგრელოსა და რაჭაში, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, ასევე თუშეთში. გარეგნული ფორმით სხვადასხვა კუთხის დაირებს შორის განსხვავება არ არის. დაკვრის დროს დაირა უჭირავთ ორივე ხელით. ცერა თითებზე მიყრდნობილია დაირას რკალი. დანარჩენი თითები დევს მემბრანაზე და ამ თითებით აჟღერებენ მას. მარცხენა ხელის თითები უფრო ხშირად გაუნძრევლად დევს. უკრავენ მარჯვენა ხელის თითებით, ზოგჯერ მთელ ხელსაც არტყამენ მემბრანაზე. ჟღერადი ზედაპირის ცენტრში უკრავენ ოთხივე თითით, ასევე ცალკეული თითებით, ზოგჯერ მაჯას რკალზე მიარტყამენ, საკრავს აქნევენ და ჟღარუნების ხმაც უერთდება. ძირითადად, დაირაზე შემსრულებლებად ქალები გვევლინებიან, ცეკვის დროს. რამდენიმე დაირა ერთად არ გამოიყენება. დაირას ფუნქცია ცეკვის დროს რიტმის ხაზგასმაა. დაირა გამოიყენება ინსტრუმენტულ ანსამბლებში. მაგ: დუდუკებთან, სამეგრელოში სოინართან ერთად, კახეთში ფანდურთან ერთად.

დაფი მხოლოდ გვიანდელ ძეგლებშია მოხსენიებული, როგორც საკუთრივ დაფის, აგრეთვე დაირას სახელწოდებით. დაფი, როგორც დამოუკიდებელი საკრავი, მხოლოდ ცეკვის დროს გამოიყენება. საზოგადოდ კი, სხვა საკრავთან ერთად, შეადგენს საკრავთა მწყობრს.

ჟღარუნებიანი დაირა
ძველად დაირას დაფდაფს ეძახდნენ. დაფდაფი საკმაოდ პოპულარული საკრავი ყოფილა. საკმარისია ითქვას, რომ იგი ჯერ კიდევ «ამირანდარეჯანიანში» და რუსთაველის უკვდავ პოემაში იხსენიება, ხოლო უფრო გვიან სხვა ძეგლებშიც გვხვდება. როგორც ს.ს. ორბელიანი მიუთითებს: «დაფდაფსა ორსავე მხარეს ეტრატი აქვს, რომელსა დაულს უწოდებენ იგინივე" (იგულისხმება სპარსნი). ამრიგად, დოლი დაფდაფის სპარსულ სახელწოდებას წარმოადგენს. საგულისხმოა, რომ ძველ ქართულ მწერლობაში დიდი ადგილი ეთმობა ქოსს, რომელიც დოლის ანუ დაფდაფის შესაბამის საკრავად გვევლინება. ასეთად წარმოგვიდგება იგი ჯერ კიდევ XII საუკუნის წერილობით ძეგლებში, კერძოდ, «ვისრამიანში», სადაც ქოსი პირველად იხსენიება. მას არც რუსთაველი ივიწყებს: «ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ხმასა დაატკბობდეს». როგორც ირკვევა, დაფდაფისაგან განსხვავებით, ქოსს სპილენძის ჩანა ჰქონდა. შემთხვევით როდი წერს იტალიელი მოგზაური არქანჯელო ლამბერტი, რომ «მათი დოლი ირანულსა ჰგავს. ე.ი. სპილენძის არის და საკმაოდ დიდი, ქვაბის მსგავსი: ერთის მხრით გადაკრული აქვს ტყავი, როცა ჯარი მიდის, ორ-ორ დოლს ცხენზე ან აქლემზე გადაჰკიდებენ იქით-აქეთ და შუაში ჩაჯდება მედოლე, რომელიც ორი პატარა ჯოხით განუწყვეტლივ უკრავს». მთაში შედარებით იშვიათად გვხვდება ეს საკრავები, მათ ამ კუთხეებში ცვლის ტაში.

Daira Samples

გთავაზობთ მოუსმინოთ დაირას სადემონსტრაციო ჩანაწერებს:
1. მარინა გიორგაძე - "საცეკვაო"
2. მ.გიორგაძე, დ.ქავთარაძე - "ცეკვა ქართული" (დაირა და დუდუკი)
3. დავით ნემსვერიძე - "შალახო" (ჟღარუნებიანი დაირა)
4. დავით ნემსვერიძე - "საცეკვაო" (ჟღარუნებიანი დაირა)

 

დასაწყისი