ჭუნირი

Chuniri Samples

სვანური ჭუნირის კორპუსის დამზადებისათვის იყენებენ წიწვოვანი ხის ჯიშებს: ნაძვს, სოჭსა და ფიჭვს. ტარს ძირითადად არყისა და მუხისგან ამზადებენ. სიმებად ცხენის ძუას ხმარობენ. რაჭაში ჭიანურის კორპუსისთვის იყენებენ ფიჭვს ან სოჭს. სიმებად აქაც ძუაა გამოყენებული. რაჭული ჭიანური ორსიმიანია. მისი წყობაა დიდი ტერცია. სამსიმიანი სვანური ჭუნირის წყობა სეკუნდურ-ტერციულია. ასეთივე წყობა აქვს თუშურ ჭიანურს.

ჭუნირის ხმოვანება
სამსიმინი ჭიანურის წყობა: as-b-des. 1;
ორსიმიანი ჭიანურის წყობა: as-c 1;

ჭიანურს ინახავენ ცეცხლთან ახლოს, ხოლო დაკვრის წინ ცეცხლზე ან მზეზე ათბობენ ხოლმე, განსაკუთრებით ავდრიან დღეს (ეს ფაქტი დასტურდება ყველა კუთხეში, სადაც გავრცელებულია ხემიანი საკრავი). ტყავზე მოქმედებს ქარი და სინესტე და უკეთესი ხმების მისაღებად ათბობენ მას. სვანეთსა და რაჭაში ჭუნირის ჟღერადობის მიხედვით ამინდის წინასწარმეტყველებაც სცოდნიათ. როცა უამინდობაა მოსალოდნელი, ჭუნირი ძალიან ჩუმად და არასუფთად ჟღერს. ჭუნირს ცხენის ძუის სამი სიმი აქვს გაბმული, რომელთაგანაც კიდური, ე.ი. პირველი და მესამე, მომართულია კვარტით, ხოლო შუა სამი პირველთან ტერციას წარმოქმნის. ჭუნირს უკრავენ მშვილდაკის საშუალებით, რომელსაც აგრეთვე ცხენის ძუა აქვს გაბმული. ცხენის ძუის გამოყენება საკრავს ნაზ და სასიამოვნო ტემბრის ხმოვანებას ანიჭებს.

ჭუნირი ხშირად ჩანგთან ერთად გამოიყენება და მის თანხლებას ემყარება. დამოწმებული ფაქტია, რომ ჭუნირზე დაკვრა სცოდნიათ მიცვალებულთან, დასაფლავების წინა ღამით. მიცვალებულის ერთ-ერთი ნათესავი(კაცი) დაჯდება და წყნარი ხმით ჭუნირზე დაამღერებს. იგი იგონებს მიცვალებულს და ამ გვარის სხვა მიცვალებულებს. ჭიანურს სევდიან სიმღერებთან აკავშირებენ. თუმცა მას იყენებენ დღეობებსა და ქორწილშიც. საერთოდ ის მწუხარების საკრავად აქვთ წარმოდგენილი. სვანეთში არის გამოთქმა - «ჭიანური ჭირის არისო».

Chuniri Samples

გთავაზობთ მოუსმინოთ ჭუნირის სადემონსტრაციო ჩანაწერებს:
1. ისლამ ფილფანი - სვანური სიმღერა "ლაჟღვაშ"
2. ისლამ ფილფანი - სვანური სიმღერა "მირანგულა" (ჩანგით)
3. ანსამბლი "ბასიანი" - სვანური სიმღერა "ლაჟღვაშ" (ჩანგით)
4. ანსამბლი "გეორგიკა" - სვანური სიმღერა "ლაჟღვაშ"
5. ანსამბლი "გეორგიკა" - სვანური სანადირო ფერხული - "დალა კოჯას"
6. დავით ნემსვერიძე - სვანური საფერხულო - "შინა ვორგილ"
7. მაიზერ გაზდელიანი - სვანური სანადირო ფერხული - "დალა კოჯას"
8. დავით ნემსვერიძე - სვანური სიმღერა "მირანგულა"
9. გეორგიკა - სვანური სიმღერა "მირანგულა" (ჩანგით)
10. რუსთავი - სვანური სიმღერა "ლაჟღვაშ" (ჩანგით)
11. ანსამბლი "ურმული" - "ქართული მელოდიების პოპური"

 

დასაწყისი