შენი მოთქმანი, კაეშნის ხმანი
ხანცა ოხვრანი, ხანც ამოსკვნანი,
წარსულთა დროთა მოგონებითა,
სულს აფიქრებენ!

- ნიკოლოზ ბარათაშვილი -

 

ჩონგური გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში (სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში). სხვადასხვა კუთხის ჩონგურები გარეგნულად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ძირითადად, ჩონგური წარმოადგენს სააკომპანემენტო საკრავს. მისი თანხლებით სრულდება სოლო ერთხმიანი, ორ და სამხმიანი სიმღერებიც, მაგრამ ტრადიციულ რეპერტუარს ერთხმიანი სახუმარო და სატრფიალო სიმღერები შეადგენს. ჩონგურისა და დოლის ანსამბლად გაერთიანება განსაკუთრებით ხშირია აჭარაში. ამ შემთხვევაში ანსამბლში მონაწილეობს ერთი ჩონგური და ერთი დოლი. ერთზე მეტი ჩონგური ერთდროულად არ გამოიყენება.

კოლექტიური შრომის დროს ქალები სიმღერებს ჩონგურის აკომპანემენტით ასრულებდნენ. ქალების "ნადი" იკრიბებოდა ღამით, როდესაც ოჯახურ საქმეს მორჩებოდნენ. მათი სამუშაო იყო მატყლის დაჩეჩა, შესტვა, მოტოლვა, მოძახვა, ბამბის დაჩიხრიხება, მისი ძაფად ქცევა, ბუმბულის დაკეკვა და სხვ. ჩონგურსა და ფანდურზე უმეტესად ქალები უკრავდნენ, რაც შვენოდათ კიდეც. მათ კარგად იცოდნენ ამ საკრავების გამოყენება ადგილის, დროისა და ვითარების შესაბამისად. ჩონგური წარმოადგენდა ოჯახის აუცილებელ ნივთს. ხშირად ჰკიდებდნენ კედელზე. ჩონგური განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე დგას, ვიდრე ფანდური. ეს გამოიხატება არა მარტო კონსტრუქციის სრულყოფითა (სარეზონანსო კორპუსის მოცულობა, დახვეწილობა, კედლების სისქე, სიმების მასალა) და ტემბრის ხარისხით, არამედ ჰარმონიულ შესაძლებლობათა სიმდიდრითა ("აკორდთა მარაგის" სიმდიდრე) და დაკვრის ხერხებითაც.

ჩონგური
ჩონგურის საერთო სიგრძეა - 978-1156 მმ. ჩონგური, ისევე როგორც ფანდური, შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან: კორპუსის, სახელურისა(ტარი) და დამხმარე ნაწილებისაგან. კორპუსი შედგება მუცლისა(1) და ზედა დეკისაგან(2), ტარი - თავისა(3) და ყელისაგან(4), დამხმარე ნაწილებია მოქლონები(5), ხარაკი(6), ჯორა(7), ღილი(8). მუცელი(1) შედგება 7-8 ერთმანეთზე მიწებებული 2-3 მმ სისქის თუთის ტკეჩისაგან. განაპირა ტკეჩებზე გაკეთებულია 3-5 მმ დიამეტრის 6 სახმო ნახვრეტი. მუცელი დაკრულია 2-3 მმ სისქის ფირფიტაზე. ზედა დეკა(2) შედგება სამი ერთმანეთზე მიწებებული ნაწილისაგან. ძირითადი (შუა) ნაწილი გაკეთებულია ნაძვისაგან. მასზე ორივე მხრიდან მიკრულია ნახევარმთვარის ფორმის თითო ფირფიტა, რომელიც დამზადებულია თუთის ხისგან. კორპუსის სიღრმეა 160-170 მმ. ტარი გაკეთებულია კაკლის ხისგან. თავზე(3) გაკეთებულია სამი ნახვრეტი მოქლონებისათვის და ერთი - თასმისათვის, რომლითაც ინსტრუმენტს ჰკიდებენ. ყელი(4) ზემოდან ბრტყელია და ქვემოდან მრგვალი. მასზე გაკეთებულია ერთი ნახვრეტი, რომელშიც ჩასმულია ზილის სიმის დამჭერი მოქლონი(5). სახელურსა და კორპუსს შორის მდებარე შემაერთებელი ნაწილის ქვედა ნაწილი 7 პატარა ტკეჩისგან შედგება, რომლებიც იმავე მასალისგანაა გაკეთებული, რისგანაც მუცლის ტკეჩები. ჩონგურს აქვს ოთხი სიმი. სამი გრძელი და მეოთხე (ანუ "ზილის" სიმი) დაახლოებით 1/3-ით მოკლეა დანარჩენ სიმებზე. ზილი გადმოსცემს გაბმულ ბგერას, რომელიც ყველაზე მაღალი ბგერაა. გრძელი სიმები ერთი ბოლოთი მიმაგრებულია საკრავის თავზე განლაგებულ ნახვრეტებში ჩასმულ მოქლონებზე, ხოლო მეორე ბოლო დანარჩენ სიმებთან ერთად ჩონგურის ბოლოზეა მიმაგრებული. ამასთანავე "ზილის" სიმი მდებარეობს I და II გრძელ სიმებს შორის, ე.ი. მოკლე სიმი ქვემოდან მეორეა.

ჩონგურის სიმები მზადდებოდა აბრეშუმის ძაფისაგან. ძაფს გრეხდნენ, გასანთლავდნენ და სიმად ხმარობდნენ. დღეს აბრეშუმის სიმებიანი ჩონგური თითქმის არსად გვხვდება. ჩონგურს რამდენიმე წყობა აქვს. სიმღერების ერთი რიგი სრულდება ერთ წყობაში, მეორე - სხვა წყობაში. ერთი სიმღერა ან ინსტრუმენტული ჰანგი სრულდება თავიდან ბოლომდე ერთ წყობაში. ჩონგურის დიაპაზონი თავსდება მე-3 სიმის მიერ გამოცემული (ყველაზე დაბალი) და ზილის სიმის მიერ გამოცემული (ყველაზე მაღალი) ბგერების ფარგლებში. ამიტომ მისი დიაპაზონი ყველა წყობაში სხვადასხვაა: ოქტავა, სეპტიმა ან ნონა.

ყველაზე გავრცელებულია ჩონგურის შემდეგი წყობა: დაბალი ბგერის III სიმი - F, შუა II სიმი - A, მაღალი I სიმი - C, ზილი - E, C ან A

ჩონგურის დამზადების ტექნიკა უფრო დახვეწილია და მაღლა დგას ვიდრე ფანდურისა. ჩონგურს გამოღრუებული კორპუსის გარდა, ასევე თხელი ფირფიტების შეწებებით მიღებული კორპუსი აქვს (ხშირად ფანდურსაც). ამის გამო შესაძლებელია კორპუსის კედლების მაქსიმალურად გათხელება, მისი "მოღუნვა" ისე რომ დიდი სარეზონანსო მოცულობა შექმნას. ეს, თავის მხრივ, გავლენას ახდენს საკრავის ტემბრზე. ამას ერთვის სიმებად აბრეშუმის ძაფის მასალის გამოყენება, რაც ნაწლავების სიმებთან შედარებით წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ტემბრის გაუმჯობესების გზაზე.

საკრავის დასამზადებლად, საუკეთესო მოხელეთა გადმოცემით, არჩევენ უკოჟრო, "სუფთა" ხეს იმ ადგილიდან, სადაც ხშირად უბერავს ქარი. საჩონგურედ უმჯობესია ტოტებშუა მდებარე ხის ნაწილი. ხის მრუდე ტოტებიანი ნაწილი ამ მიზნისათვის უვარგისია. საგანგებოდ მოჭრილ ხის მორს შუაზე გააპობენ, თითოეულ ნახევარს "დედას" უწოდებენ. ორივე გამოსადეგია ჩონგურისათვის. სახლში მოტანილ ამ მასალას მოარიდებენ მზესა და ქარს. მათი შენახვა უმჯობესია სიგრილეში 30 დღის განმავლობაში. თუ მასალა კარგად არ გამოშრა ჩონგური გაიბზარება და შრომა ფუჭად ჩაივლის.

"დედა" ასე უნდა დამზადდეს: სატეხით ჯერ გულს ამოუღებენ და ხოწით ამოასუფთავებენ. წინდაწინ მომზადებული აქვთ საგულე, მას წებოთი დაკვრაღა უნდა "დედაზე". ასე რამდენიმე საათი აჩერებენ. შემდეგ ტარზე საქცევებს და უღელს უმაგრებენ, რასაც საქცევის უღელი ეწოდება. უღლის ფიცარს სახმოდ შუაში ტეხენ, შემდეგ კი ლარების გადასაწყობად ჯორას უკეთებენ. ჯორას "ქედზე" 4 ჭდეს ამოჭრიან, რათა მასში ადვილად ჩაჯდეს ლარი. ჩონგურის გულის ფიცარი ფიჭვის უნდა იყოს, რომ წკრიალა ხმა გაიღოს და ზარივით აგუგუნდეს. ერთი ჩონგურის გაკეთებას 3 დღე სჭირდება. ასეთია აღმოსავლეთ საქართველოში ჩონგურად წოდებული საკრავის დამზადების წესი. დაახლოებით ასევე მზადდება ფანდური.

დასავლური ჩონგური სხვაგვარად კეთდება: აღმოსავლური ჩონგურის ტანი ერთიანი ხისაა, რაც დასავლური ჩონგურისთვის იშვიათია. ზოგ კუთხეში ჩონგურის ტანი ნაჭრებისგანაა დამზადებული. ის თუთის ხის თხელი შოლტებისაგან შედგება. კორპუსს ზემოდან დაკრული აქვს "გულის ფიცარი", ხოლო ზემოთ ტარი. ტარი დაყოფილია "საქცევებით". ტარს აქვს სამი მოქლონი, ხოლო ქვემოთ, ტარის დასაწყისთან - ერთი. დანარჩენი ნაწილები: ჯორაკი, ჭდეები და ლარის (აბრეშუმის ძაფი) გამოსაბმელი კონთა ბოლოს უკეთდება, შემდეგ კი აებმის ლარები, ანუ სიმები (აბრეშუმისა).

ჩონგური და კლასიკური ფანდური
ჩონგური დღევანდელი ფანდურისაგან განირჩევა არა მარტო ტანის აგებულებით და სიმთა რაოდენობით (პირველს აქვს 4 სიმი, მეორეს 3), არამედ შესრულების წესითაც. ჩონგურზე დაკვრა "თითების აყრით" (ამოსმით) სწარმოებს, ფანდურისა კი "ხელჩამოკვრით (ჩამოსმით). ძველად ჩონგურის ლარი ცხვრის ნაწლავისა იყო. ნაწლავს ჯერ გარეცხდნენ, შემდეგ ნედლად გაჭიმავდნენ სიგრძეზე და ორი-სამი დღე მზეზე აშრობდნენ. ამის შემდეგ უსვამდნენ ნიორს და გორგლად დახვეულს ინახავდნენ, ვიდრე მისი გამოყენება არ დასჭირდებოდათ.

ფანდური და ჩონგური ყელიან-მუცლიანი სიმებიანი საკრავის ორ სხვადასხვა ფორმას წარმოადგენს. ამაზე მეტყველებს პრინციპული მსგავსება მათ შორის, კერძოდ, მსგავსება კონსტრუქციის, ბგერის წარმოებისა და ფუნქციის მხრივ. ფანდურსა და ჩონგურს შორის მსგავსება კონსტრუქციის მხრივ მჟღავნდება პირველ რიგში გარეგნული ფორმით: ორივე საკრავი სიმებიანია, ორივეს გამობერილი მუცელი და ვიწრო ტარი აქვს. ბგერათწარმოების ხერხი ერთნაირი აქვთ - სიმებზე თითების ჩამოკვრა (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ხერხი ფანდურზე ერთადერთია, ხოლო ჩონგურზე - ძირითადი). ფანდურსა და ჩონგურს შორის მსგავსება მათი დანიშნულების მიხედვით გამოიხატება შემდეგში: 1) ორივე საკრავი ძირითადად სააკომპანემენტოა, სოლო ჰანგებს მასზე წარმოადგენენ მხოლოდ საცეკვაო მელოდიები; 2) ორივე საკრავი გამოიყენება ქალთა კოლექტიური შრომის დროს ("მჩეჩლობა" და "ნადი") და 3) ორივე საკრავი გამოიყენება უძველესი წარმოშობის წეს-ჩვეულებებში (მაგ. "ბატონების" კულტთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები). ეს არის ის ძირითადი ნიშნები, რითაც ფანდური და ჩონგური ემსგავსებიან ერთმანეთს.

ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე ვასკვნით, რომ ეს ორი საკრავი ადრე ერთი უნდა ყოფილიყო. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ ფანდური და ჩონგური განვითარების სხვადასხვა ეტაპებს შეესაბამებიან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი მათგანი ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნების მქონე საკრავის განვითარების შედეგს წარმოადგენს. ამ ნიშნების მატარებლად დღესაც ფანდური გვევლინება და ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩონგური ფანდურიდან არის წარმოშობილი. ამგვარად, ჩონგური უნდა წარმოშობილიყო არა უგვიანეს XVII საუკუნისა სამ სიმიან ფანდურზე ზილის დართვით. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით ბარად, სამ სიმიან ფანდურს "ჩონგურს" ეძახიან, ხოლო მთის კუთხეებში - "ფანდურსაც" და "ჩონგურსაც". ამასთანავე, მთხრობელები აღნიშნავენ, რომ "ფანდური" ძველი სახელია და "ჩონგური" შემდეგ შერქმეული.

 

 

დასაწყისი