სამხედრო სასიგნალო საკრავი ბუკი

Buki Samples

ბუკი გაკეთებულია თუნუქისაგან (თითბერი). მილძაბრიდან საყვირის პირველ ნახევრამდე ჩასმულია ხის შტამბი. მეორე ნახევარში შიდა მხარეს კი ბოლომდე მიმაგრებულია თუნუქის მილი. საყვირის სიმაღლეა 1270მმ. მილძაბრის დიამეტრი 220მმ. ჩაბერვის ადგილი 28მმ.

“ვეფხისტყაოსნიდან” ირკვევა, რომ მეფედ კურთხევის დროს ბუკის კვრა წესად იყო მიღებული. მაგალითად, როდესაც როსტევანმა თინათინი თანამოსაყდრედ (ხელმწიფედ) დასვა: “ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს ტკბილთა ხმათა”, ან “ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ჰხმასა დაატკბობდეს”. ბუკი უმეტესად ლაშქრობისას გამოიყენებოდა. “ვეფხისტყაოსანში” ნათქვამია: “გამოჩნდეს, სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ხმა გააზერაო”, ხოლო “ვისრამიანში” რამინის ლაშქრად გამგზავრების აღწერილობაში აღნიშნულია: “გაემართნეს დიდითა ლაშქრითა, ასაყრელთა ბუკთა სცემდეს, ქოს-ალამნი ჯეონისამებრ მოდიოდეს”, ე.ი. ბუკს ისე ახმაურებდნენ, რომ ყველას სცოდნოდა ჯარის აყრა-გამგზავრებისთვის მზადების დაწყება. ირანულ “ვისრამიანში” გამოთქმა “ასაყრელთა ბუკთა სცემდეს” არ არის. იგი ქართველ ავტორს ეკუთვნის. ბუკის ირანული შესატყვისი შაჰ-მოაბადისა და ვიროს ომის აღწერილობაში გვხვდება. იქ ნათქვამია: “ორგნითვე დაიწყეს ცემა ქოსთა და ყუირილი ბუკთა და ყვიროსტვირთა ხმა იყო”. ქართული ბუკი ირანული “ვისრამიანის” სურს უდრის, რომელიც საყვირს და ნესტვს ნიშნავს.

ასეთი დანიშნულება ბუკს მარტო არაბეთსა და ირანში კი არ ჰქონდა, როგორც ეს ზემოთმოყვანილი ამონაწერების მიხედვით იყო საფიქრებელი, არამედ ჩვენშიც. ამის დამტკიცება ისტორიული და პოეტური თხზულებებითაც შეიძლება. მაგალითად, უკვე შავთელის “აბდულმესიანიდან” ჩანს, რომ ბუკი და ტაბლაკი XII ს-ში საქართველოში სამხედრო საკრავთა ჯგუფს ეკუთვნოდა:

“დრო შამოიგო:
დროშა მოიგდო;
მტერნი დახოცნის
აოხრებითა,
ბუკ-ტაბლაკობით საარაკობით
მედგრად იბრძოდის
გამწყაძრებითა-ო.”

ლაშა-გიორგის არზრუმის მხარეს ლაშქრობის დროსაც იქაურებმა “ვითარცა განთენდა, ჰკრეს ბუკთა და დაფდაფთა (დაირა) და შეიქმნა ხმა ქალაქთა შინა, დამასკუნელნი სისხლთა, მათთა დათხევისანი”. თამარ მეფის პირველი ისტორიკოსი მოგვითხრობს, რომ ირანში ლაშქრობიდან საქართველოში დაბრუნებულ ძლევამოსილ ჯარს თამარი "მიეგება ზეიმითა და დიდებითა: იყო ხმა ბუკთა და დუმბულთა”.

რასაკვირველია, მაშინაც კარგად ესმოდათ, რომ ბუკის ხმა მეტისმეტად ძლიერი და გამაყრუებელი იყო. ამიტომ ბუკთა ტკრციალი ლხინისა და ნადიმის დროს უმთავრესად ზეიმის გამომხატველი უნდა ყოფილიყო. ეს გარემოება თვით შოთა რუსთაველსაც აქვს აღნიშნული. მგოსნის სიტყვით: “სცემენ ბუკსა და ტაბლაკსა, მოსამატებლად ზარისად”.

სამეგრელოში ბუკს დიდი დღესასწაულების დროს უკრავდნენ, მაგალითად, სააღდგომო ლიტანიას წინ ორი მებუკე მიუძღოდა ხოლმე, არქანჯელო ლამბერტის (იტალიელი მისიონერი) ცნობით: “ნათლიღების დღესასწაულის წყალკურთხევის ლიტანიობის დროს წირვა რომ დასრულდება, მთელი პროცესია მახლობელ მდინარეზე მიდის, რათა დიდის ამბით წყალი აკურთხოს. ყველაზე წინ მედროშე მიდის, რომელსაც ხელში დროშა უჭირავს. მას მისდევს ორი კაცი, რომელნიც ბუკს უკრავენ და ბოლოს მიდის დანარჩენი ხალხი”.

ბუკის ხმიანობის გამოსახატად ძველ ძეგლებში სხვადასხვა გამოთქმა გვხდება. მაგალითად, “შაჰ-ნამეში” ქექაოზის მაზანდარანს გამგზავრების აღწერისას ნათქვამია: “მეორეს დღეს გაემართნეს ქოსსა ჰკრეს და ბუკი ყუირსა”. იქვე გვხდება: “დარაზმეს და ბუკსა სცემდეს, გამოიღებს ქოსი ხმასა”. ბუკის ხმობა “იოსებ ზილიხანიანის” მეორე ვერსიაშიც არის: “მათ დროშები გაუშალეს, ქოსსა სცემდეს, ბუკი ხმობდეს”. სულხან-საბა ორბელიანსაც თავის იგავ-არაკებში მოხმობილი აქვს ბუკის ცემა: "თუმცა ამ საკრავს ხმობა და ყუირილი უფრო შეეფერება, ვიდრე ცემანი საყვირთა" ს.ორბელიანის განმარტებით საყვირთა სახეობანი ერთმანეთისაგან ზომითაც განირჩეოდნენ, მაგალითად: “ბუკი საყვირია დიდი”, ხოლო “ზროხაკუდი საყვირია მომცრო”.

 

დასაწყისი