:: ლეგენდა სალამურზე
უენო სალამური
სალამური ყველაზე გავრცელებული ხალხური მუსიკალური საკრავი ყოფილა საქართველოში, ამას გვიდასტურებს როგორც ხალხში შემორჩენილი ლეგენდები თუ გადმოცემები, ისე კლასიკური ლიტერატურის ძეგლები. ჩანს სალამურის პოპულარობა გახდა მასზე არსებული თქმულებების მრავალფეროვნების მიზეზიც. ერთი ვერსიით, სალამურის წარმოშობა ადამიანის ჭირ-ვარამს უკავშირდება. კერძოდ, ობლის საფლავზე ამოსულა პირველი ლერწამი, ქარს დაუბერავს და გულისმომკვლელ ხმაზე ამოუკვნესია ბედკრულის გულზე ამოსულ მცენარეს.
ამ გადმოცემას ეხმაურება აკაკი წერეთლის შემდეგი ლექსი:
სალამური
გამიგონია, ვითომც ლერწამი
ობლის საფლავზე ამოსულიყოს
და თავის ქნევით, დამუქრებული,
მაღლა ზეცისკენ ის წასულიყოს,
რომ მიეტანოს იქ ჩვენის ქვეყნის
მწარე ამბავი და საჩივარი,
მაგრამ იმავ დროს ეშმაკის სული
დასტაკებოდეს გრიგალი ქარი,
გადაეღუნოს, გადმოეღუნოს
და მოეთხაროს სულ ძირიანა;
მერე ენახოს მწყემსს წაქცეული,
ხელში აეღოს პატარა დანა
და გამოეჭრას მას სალამური,
რომ მოწყენის დროს სული ჩაჰბეროს,
და მთა და ბარის დასატკბობელად
ააკვნესოსო და აატიროს.
ეს უნდა იყოს ის მაცდური ხმა,
პირველ მწყემსისგან მოგონებული;
აქ ისმის ცის და ქვეყნის ამბავი
ერთად შეთხზული, შეზავებული!
1889 წ.
|
სალამური მშრომელი ადამიანის განუყრელი თანამგზავრი და მეგობარი იყო, მისი ჭირის მოზიარე და ლხინის დამატკბობელი. ხალხის რწმენით, სალამურის მოსპობა არავითარ ძალას არ შეეძლო, ცეცხლიც კი ვერაფერს აკლებს თურმე სალამურს. მის ფერფლში მშობლის სახე ისახება და ნატეხები ისევ გამოსცემენ საამო ჰანგს.

პატარა მწყემსის საფლავი
ქართულ ფოლკლორში, დაკარგული ბავშვის მოძებნა და გამოცნობაც ამ საკრავს აქვს დაკისრებული. ზოგიერთი თქმულების მიხედვით, სალამური ადამიანს ღვთაებისაგან მიუღია. ამიტომ იგი ღვთაებრივ საკრავად არის მიჩნეული. ასევე თქმულების მიხედვით, ადამიანს სალამური მთავარანგელოზების სასწაულმოქმედი საკრავის მიმსგავსებით შეუქმნია. გადმოცემათა ნაწილი ამ წყალობას ზღაპრულ ხარს - წიქარას მიაწერს. ქართულ ყოფაში სალამური გამოიყენება ჭირშიც და ლხინშიც. აქედან მომდინარეობს ხალხში გავრცელებული ტერმინები: «საჭირო» და «სალხინო». «სალხინო» ადამიანს სიხარულს ანიჭებს, ცხოველებს ათვინიერებს, ფრინველებს გალობას აწყებინებს. «საჭირო» კი გლოვის, მწუხარების ჰანგს გამოსცემს, ადამიანს დარდს უმსუბუქებს, ახლომახლო მყოფთ მის დასახმარებლად მოუწოდებს. ზღაპარ "წიქარას" მიხედვით, «საჭირო» სალამურს ბალახის ატირებაც კი შეუძლია.
თუ ძველად სალამურს საწესჩვეულებო დანიშნულებისათვის იყენებდნენ (ხალხის რწმენით, სალამურს მავნე სულებისა და ქვეწარმავლების მოსპობაც კი შეეძლო), დღეს ამ საკრავმა მტკიცედ დაიმკვიდრა თავისი ადგილი ქართულ ხალხურ საკრავთა ანსამბლში. ტემპერამენტიან ქართულ ცეკვებთან ერთად მოიარა მსოფლიო და მოჰფინა მას იბერიული ლერწმის კეთილშობილური გრძნობა.
დასაწყისი