გუდასტვირი
ამბავი, რომელსაც მოგითხრობთ, გავიგონე მთის რაჭის ძველთაძველ სოფელ გლოლაში, სადაც დღემდე შემონახულა ძველი ქართული ენა და ადათ-წესები.
ერთ დღეს სოფელში ხმა დაირხა: რაჭაში სახელგანთქმული მესტვირე ზაქარია ერაძე ამოსულა და ამაღამ ნახშობაზე იქნებაო. მისი ნახვა მეც მაინტერესებდა. ბევრი რამ მსმენოდა სტვირის ამ ვირტუოზზე. მოუთმენლად ველოდი დაღამებას და სანახშოზე წასვლას.
ნახშობას ხანდაზმულ მამაკაცთა თავშეყრას ეძახიან მთის რაჭაში. ზაფხულზე, სოფლის მოედანზე, ბებერი კაკლის ან ცაცხვის ძირას საგანგებოდ ჩამწკრივებულ ლოდებთან, ან ხის კუნძებთან საღამოობით თავს იყრიან გლეხები და რიგრიგობით ყვებიან ამ მთისა და იმ ბარისას.
მოედანი ხალხით გაჭედილიყო, ჯერ კიდევ შორიდან შემოგვესმა სტვირის საამო ხმა, რომელიც ნიავის ქროლვაზე ხან გარკვევით, ხან მიბნედილად მოისმოდა. წრის შუაში ყველაზე საპატიო კუნძზე იჯდა თოვლის პაპას მსგავსი სათნო მოხუცი, ხელში გუდასტვირი ეჭირა, ყელმოღერებულ სალამურზე სათუთად აფათურებდა დიდრონ თითებს და ბაგეთაგან თაფლი გადმოდიოდა.
- მაგის დედა ვაცხონე, ბატონო. ვინც ეგ სტვირი პირველად მოიგონა - დაარღვია სიჩუმე წრეში ფეხმორთხმულმა ერთმა მოხუცმა. მესტვირემ ჩიბუხი ააფშუკუნა (თუთუნი ჩაფერფლილიყო), ნაცარი ხელზე დაიბერტყა და ჩუმად, თითქმის თავისთვის, ჩაილაპარაკა.
- გინდათ, გიამბოთ, როგორ გაჩნდა სტვირი ამ ქვეყნად?
მოხუცმა ერთი ნაძალადევად ჩაახველა, კუნძზე უფრო მოხერხებულად ჩამოჯდა, თითქოს დასაკვრელად ემზადებაო და დაიწყო:
- ეს ამბავი მეფე მირიანის დროს მომხდარა, მაშინ ჩვენი წინაპრები წარმართები ყოფილან, უამრავი კერპი ჰყოლიათ, მაგრამ ყველაზე ძლიერ კერპად მიჩნეული ყოფილა ცეცხლის კერპი და არსებობდა ადამიანის კოცონზე დაწვის დღესასწაული. ცეცხლზე დასაწვავ ადამიანს კენჭის ყრით ირჩევდნენ. მას კისერზე ვეება ჯაჭვს დაადებდნენ, დილეგში ჩააგდებდნენ და საგანგებოდ კვებავდნენ, რომ მსუქანი ზვარაკის მირთმევით ესიამოვნებინათ კერპისთვის.
დღესასწაულის დროს სამსხვერპლოდ განწირული კაცი, ჯალათებისა და მოგვების თანხლებით, უცნაური გალობითა და მოთქმით ამოჰყავდათ დილეგიდან. ირგვლივ მას ბრმად მორწმუნე ბრბო ეხვია, მათაც ჯაჭვი ედოთ კისერზე, ხელში ჩირაღდნები ეჭირათ და როკვითა და გალობით გარს უვლიდნენ კვარცხლბეკზე აღმართულ კერპს.
და ასე დაუსრულებლად გრძელდებოდა ეს ველური ცერემონია, მეორე დღემდე. მთელი ღამე გიზგიზებდა მაღალ ბორცვზე ვეება კოცონი, რომელსაც ქურუმები განუწყვეტლივ უმატებდნენ ფისიან მორებს. როცა ალიონი მოაღწევდა, მოგვების უფროსის ნიშანზე ჯალათები ხელს ჩაავლებდნენ მსხვერპლს და კოცონისაკენ გააქანებდნენ. მათთან ერთად დაიძროდა მთელი ბრბო ხელში ჩირაღდნებით, რომელსაც კოცონთან მიახლოებისთანავე ყრიდნენ ცეცხლში და როცა ადამიანის სხეულს ალი მოედებოდა, ბრბო ჯოჯოხეთური ღრიალით და როკვით გარს უვლიდა კოცონს.
ასე გრძელდებოდა მანამ, ვიდრე ცეცხლი ჩაიფშუტებოდა. ბოლოს, მიესეოდნენ დარჩენილ ღველფს და უბეში იყრიდნენ ღადარს, რომელიც მათი რწმენით, ყველაფრის განმკურნავ წამლად ითვლებოდა.
და აი, სწორედ იმ დროს, საქარველოს ერთ კუთხეში, მიუვალი კლდის ძირას, პატარა ქოხში ცხოვრობდა მოხუცი თავისი ბებერი ცოლით. ცოლ-ქმარს მხოლოდ სიბერის ჟამს ეყოლათ ვაჟი. ბავშვი მეტად ლამაზი იყო, ოქროს თმები ჰქონდა, ვარსკვლავებივით გაბრწყინებულ თვალებს გიშრის გრძელი წამწამები უმშვენებდა. იზრდებოდა ისე სწრაფად, როგორც ზღაპრებშია აღწერილი. 12 წლისა 20 წლის ვაჟკაცს ჰგავდა. მთელს სახელმწიფოში პირველი მომღერალი, მოისრე და მობურთავე ყოფილა. მის დანახვაზე ტრფობით იმსჭვალებოდნენ ულამაზესი ასულნი.
მოხუცებს გაგიჟებით უყვარდათ საკუთარი პირმშო. როცა ბავშვი დაიძინებდა, მშობლები ჩუმად უკოცნიდნენ ოქროს თმას, მის ალერსში ათენებდნენ ღამეებს.
მაგრამ ხანმოკლე გამოდგა მათი სიხარული. მზე დაუბნელდათ - ჭაბუკს კოცონზე დაწვის კენჭი შეხვდა. მაშინვე შეცვივდნენ ქოხში ჯალათები, ბედშავ მოხუცებს მკერდიდან მოჰგლიჯეს შვილი.
- ვაიმე, შვილო, - ამის თქმა-ღა მოასწრო ბედშავმა დედამ და იქვე სული განუტევა, შეშლილმა ბერიკაცმა კი დილეგამდე მისდია ჯალათებს და, როცა კარი მაგრად ჩარაზეს, ყველაფერს ბინდი გადაეფარა…
სამუდამოდ ჩაქრა კერა ღარიბ ქოხში. შიგ ობობები და მორიელები დაბინავდნენ. გამწარებულმა ბერიკაცმა გამოთალა უცნაური საკრავი, რომლის მსგავსი მანამდე არავის ენახა, დატოვა ქოხი და გზას გაუდგა. ბევრი მთა და მდინარე გადალახა, ვიდრე მიაღწევდა იმ ქალაქს, სადაც მეფე ცხოვრობდა. ქალაქის გარეუბანში ერთი გორაკი იყო, რომელიც მეფის სასახლეს გადმოჰყურებდა. მოხუცი ყოველ საღამოს ადიოდა გორაკზე და მთელი ღამე აკვნესებდა ამ უცნაურ საკრავს, გამოსთქვამდა თავის უბედურებაზე და მდუღარე ცრემლს ღვრიდა. სიმღერის ხმა ნიავს ქალაქში ჩამოჰქონდა და დიდსა და პატარას აჯადოებდა. ყველა სულგანაბული უსმენდა გორაკიდან დაფრქვეულ ჰანგებს. მისი გაგონებისთანავე სიმღერას წყვეტდნენ მუსიკოსები, თვით ბულბულებიც კი დუმდებოდნენ.
უცხოურმა ჰანგებმა ყველაზე მეტად დაატყვევა მუსიკის მოყვარული ნანა დედოფალი. მაგრამ საიდან იყო ეს ხმა - ზეციდან მოდიოდა, თუ ქვესკნელიდან, ადამიანის ბაგეთაგან თუ ზღაპრულ სირინოზთაგან, - ვერ გაეგოთ.
და აი ერთხელ, როცა ლაშქრობიდან გამარჯვებული მირიან მეფე შინ დაბრუნდა, დიდებულებთან ერთად ნადიმი გამართა. გააღეს ოთახის კარი და დერეფნები. უკრავდნენ საკრავებს, მუსიკის ჰანგზე თავდავიწყებით ცეკვავდნენ, პაექრობდნენ მასხარები, ენამჭევრობდნენ მოშაირენი. სწორედ ამ დროს შორიახლოს ისევ გაისმა მომაჯადოებელი ჰანგები, რომელიც ადიდებული მდინარის მსგავსად, ხან აზვირთდებოდა, ხან დაეშვებოდა და ღრმად იჭრებოდა ადამიანთა გულში. მეჯლისის მონაწილენი თითქოს გაქვავდნენო, სულგანაბული უსმენდნენ ამ ჟრუანტელის მომგვრელ ჰანგებს, რომელიც დაკარგულ სიხარულსა და ენით გამოუთქმელ მწუხარებას გამოხატავდა.
ბოლოს მეფემ ძლივს დააღწია თავი ბურუსს და იკითხა:
- საიდან მოდის ეს უცნაური სიმღერა, ასე ჯადოსნურად რომ იჭრება გულში?
აუხსნეს მბრძანებელს - ერთი ხანია ყოველღამე ისმის ვიღაც უცნობი მუსიკოსის მომაჯადოებელი კვნესა-გოდებაო!
მეფე წამით დაფიქრდა, შემდეგ მოიხმო სპასალარი და უბრძანა: წადით და აქ მომგვარეთო ის უცნაური კაცი. ვნახო ადამიანია, თუ ღვთისაგან გამოგზავნილი არსება! იმ წამსვე მოედვნენ სპანი ქალაქის ყოველ კუთხეს და მუსიკის ხმაზე მალე მიაკვლიეს მაღალ გორაკზე გადმომჯდარ უცხო მუსიკოსს, რომელიც მღეროდა და აკვნესებდა იღლიაში ამოჩრილ უცნაურ საკრავს, არაფრად აგდებდა მასთან ადამიანების მიახლოებას. როცა მოახსენეს მეფის ბრძანება, მოხუცმა შუბლი შეიკრა, გაჯიქდა და ხელმწიფესთან ხლებაზე უარი თქვა. ყოველივე ეს ამცნეს მბრძანებელს. გვირგვინოსანმა განაცხადა:
- არ მინდა ძალა ვიხმარო იმ ადამიანზე, რომელმაც თავისი ზეციური სიმღერით ამდენი სიამოვნება მოგვგვარა, წადით და გადაეცით მწირს, რომ მეფე მზად არის შეუსრულოს ყოველი თხოვნა.
და როცა კვლავ ამცნეს მოხუცს მეფის ნაბრძანები, მყისვე წამოდგა, წამოვიდა ქალაქში და წარდგა მბრძანებლის წინაშე.
მოხუცს წელამდე სცემდა თოვლივით თეთრი წვერი, ვარამისაგან დატანჯულ სხეულს თხის ტყავის გრძელი კაბა უმოსავდა და ხელში ეჭირა ის უცნაური საკრავი, რომლის ხმა ასე აჯადოებდა ყველას.
- ვინ ხარ, ბერიკაცო, და ან რა ჰქვია ამ საკრავს, ხელთ რომ გიპყრია, რომლის მსგავსი დღემდე არავის უნახავს? - მიმართა მეფემ მწირს.
- ამას, მეფეო, ”ვსტირი” ჰქვია, ხოლო მე ვინა ვარ? ერთი უბედური ადამიანი, რომლის მსგავსი ამ ქვეყნად არც დაბადებულა და არც დაიბადება!
- მაინც რა გიჭირს, მოხუცო? გელაპარაკები მეფე მთელი იბერიისა, რომელმაც არ ვიცი, რა არის შეჭივრება, მაცნე, რა ვარამი გიღრღნის გულს, და მზად ვარ ბედნიერებად გიქციო იგი.
- მაშ, შენ ამბობ, მეფეო, რომ უბედურებას ბედნიერებად მიქცევ? დამარცვლით წარმოთქვა მოხუცმა, და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ჩაჰბერა იღლიაში ამოჩრილ გუდას, წელში გაიმართა, თვალი მიმოავლო ირგვლივ მყოფთ და დაიწყო:
მე ღარიბი ქოხში ვცხოვრობ,
არ მიქნია სხვისთვის ავი,
მაგრამ უცებ თავს დამატყდა
მწუხარება, როგორც ზვავი.
კენჭი ყარეს და წამართვეს
ერთადერთი შვილის თავი,
და შეიქმნა მზეჭაბუკი
კერპის ცეცხლზე დასაწვავი.
ბნელ დილეგში ჩაამწყვდიეს,
ასუქებენ შესაწირად
იმას, ვისაც რწმენით ვზრდიდი
იბერიის ნამდვილ გმირად,
არვის სწვდება ჩემი ტანჯვა,
ჩემი კვნესა, ჩემი ცრემლი,
მეფე ილხენს და მის გვერდით
ქუხს სიკვდილის მძიმე გრდემლი,
ვაი, შვილო, მზეჭაბუკო,
წამებისთვის გაჩენილო,
ვაი მამავ უბედურო,
უნაყოფოდ დარჩენილო!..
დარბაზს გმინვა აღმოხდა. მოხუცის სიტყვებმა მეფეს ჟრჟოლა მოჰგვარა. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა!... ბერიკაცმა ისევ ჩაჰბერა გუდას, ერთხელ კიდევ მიმოავლო ამღვრეული თვალები დამსწრეთ და ახლა უფრო აუწია ხმას:
ნუ იქნები შენ ჯალათი,
დიდო მეფევ, დიდო კაცო!
რად გინდა, რომ ჩემი პირმშო
მე გულიდან გამომტაცო.
გააუქმე ძველი წესი,
უკუღმართი დაწვის ჩვევა,
გაახარე შენი ხალხი,
გაიგონე ჩემი რჩევა.
თორემ ბოლოს მწუხარება
აზვირთდება ხალხის ზვავად
და შენთანაც მოვა, მეფევ,
წასალეკად, მოსაკლავად.
ეს იყო, რაც უნდა მეთქვა,
შემისრულე სიტყვა, რაც ვთქვი,
დამიბრუნე ჩემი შვილი,
გამახარე ბერიკაცი!
მუსიკოსს ნაკადულივით წამოცვივდა ცრემლები, რომლებიც გზადაგზა იყინებოდნენ და ბროლის ჯაჭვებად ეკიდებოდნენ უცნაურ საკრავს. მოხუცთან ერთად ატირდნენ დამსწრენიც. ცრემლმა დანამა ნანა დედოფლის ლამაზი თვალებიც.
მესტვირის ტირილზე უცებ ქვეყანა დამუნჯდა, დადუმდა ყოველი სულდგმული. მთვარეს თალხი გადაეფარა, ვარსკვლავებმა შეწყვიტეს ციმციმი.
შემდეგ საზარლად დაიგმინა დარბაზმა. ყველა მეფეს შეაჩერდა!..
- კმარა, ეს შეუძლებელია! - კი არ თქვა, იღრიალა განრისხებულმა მბრძანებელმა და ზე წამოიჭრა. - ახლავე დილეგში ჩააგდეთ ეს თავხედი ბერიკაცი და შვილთან ერთად დაწვით ხვალ დილით კოცონზე!..
ისევ გმინვა აღმოხდა დარბაზს. თავჩაქინდრულ ადამიანთა მზერა ხან მეფისაკენ გადადიოდა, ხან მოხუცისაკენ, რომელიც ამღვრეული თვალებით შესცქეროდა მეფეს.
მაშინ წამოდგა ნანა დედოფალი, მანდილი გადაიწია და მოახსენა დიდებულთ:
- მეფის სიტყვა ყველა ადათზე მტკიცე უნდა იყოს. ამიტომ, - მიმართა გვერდით მჯდომ მეუღლეს, - მოვითხოვ, ახლავე, აქვე საჯაროდ აღასრულოთ მოხუცისადმი მიცემული თქვენი პირობა, როგორც საზეიმო ფიცი!..
ამაყი მეფე, რომელმაც არ იცოდა რა იყო დათმობა და დამცირება, მოწყვეტით დაეცა სავარძელზე და ისე გმინავდა დიდხანს. შემდეგ წელში გაიმართა, მაღლა ასწია გვირგვინოსანი თავი და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ბრძანა:
- დიახ, მართალს ბრძანებ, დედოფალო! მაგრამ ყველაზე მართალია ეს მოხუცი, რომელსაც ხვალ განთიადისას კოცონზე დაუწვავენ შვილს…
აქ მეფე კვლავ დადუმდა, წუთით შეყოყმანდა, ეტყობოდა რაღაც საშინელ შინაგან ჭიდილს განიცდიდა. ბოლოს ძალა მოიკრიბა და მტკიცედ წარმოთქვა:
- მე, ხელმწიფე იბერიისა, ვბრძანებ ყველას გასაგონად ამიერიდან აიკრძალოს ცეცხლთაყვანისცემა. ახლავე შეხსენით დილეგს ურდულები, გააღეთ კარები და დაუყოვნებლივ დაუბრუნეთ ბერიკაცს შვილი.
მოხუცი მესტვირე
იგრიალა ტაშმა და მუსიკამ, ქუხილივით მოედო მოღუშულ ცას, მაგრამ მოხუცმა ვეღარ გაუძლო მოზღვავებულ სიხარულს, უცებ გაქვავდა და ქანდაკებად იქცა!
ამბობენ: მაღალ მთებში, ჩანჩქერების სამყაროში, ახლაც დგასო გაქვავებული ბერიკაცი სტვირით ხელში, ახლაც იფრქვევაო ამ ქანდაკების ირგვლივ ჟრუანტელის მომგვრელი ჰანგები, რომლებიც ატკბობს და აჯადოებს ყოველ გამვლელს…
ასე დაბადებულა ჩვენი ტკბილი სტვირი! - დაამთავრა სიტყვა სტვირის უხუცესმა დიდოსტატმა.