:: ჭუნირი
ჭუნირი
ჭუნირი უძველესი ქართული ხემიანი საკრავია. იგი მხოლოდ მთის მცხოვრებლებმა შემოინახეს პირვანდელი სახით. სვანეთში ჭუნირი დღესაც ეროვნულ საკრავად ითვლება და ამ კუთხეს უნდა ვუმადლოდეთ მის გადარჩენას. ჭუნირი სხვადასხვა კუთხეში განსხვავებულ სახელს ატარებს: სვანეთში (ჭუნირი), რაჭაში, ხევსურეთსა და თუშეთში (ჭიანური). 21-ე საუკუნის დასაწყისში ის გურიაშიც ჭიანურის სახელწოდებით იყო ცნობილი. ძველად ჭუნირზე ჩანგთან ერთად ქალებიც უკრავდნენ ანსამბლში. ჭუნირზე უკრავენ ქალებიც და მამაკაცებიც (სვანეთი, თუშეთი). ხემიანი საკრავი სააკომპანემენტო საკრავია. ხშირად მას უკრავენ სალამურთან ერთად. მისი თანხლებით ასრულებენ ერთხმიან სიმღერებს - საგმირო ლექსებს, მათზე სრულდება აგრეთვე საცეკვაო მელოდიები. ჭუნირი და ჩანგი ანსამბლად ერთიანდებიან სამხმიანი სიმღერების შესრულების დროს. მეორე ხმა სრულდება სოლოდ, ხოლო ბანისა და პირველი ხმის პარტია გადატანილია ჭუნირზე, რომელიც აკომპანემენტის როლს ასრულებს. ორი ან მეტი ჭუნირის ერთროულად გამოყენება ხალხურ ყოფაში არ დასტურდება. თუშურ ჭიანურზე ძირითადად საცეკვაო მელოდიები სრულდება.
ჭუნირი
ჭუნირის ძირითადი ნაწილებია: კორპუსი, ტარი და დამხმარე ნაწილები. ბგერათწარმოება ხემით ხდება. სვანური ჭუნირის კორპუსი(1) საცრისებურია. მასზე გადაკრულია ტყავი(2), რომელიც თასმებითაა მიმაგრებული. კორპუსი ქვემოდან ღიაა. ტარი(3) მთლიანი და ბრტყელია. თავზე გაკეთებული აქვს სამი ნახვრეტი სიმების დამჭერი მოქლონებისთვის. დამხმარე ნაწილებია მოქლონები(4), ჯორა(5) და ფეხი(6). ტარის ბოლოზე მიმაგრებულია ძუის სიმები. ხემი(7) მშვილდისებურია. მასზე გაკეთებულია ჭდეები ძუის ჩამოსაცმელად. რაჭული ჭიანურის კორპუსი ნავისებურია, გამოთლილია მთლიანი ხისგან და ამოღრუებულია. მასზე გაკეთებულია 2 ნახვრეტი, რომელთა დიამეტრია 5-6 მმ. კორპუსს გადაკრული აქვს ტყავი, რომელიც მიმაგრებულია საკრავის უკანა ნაწილზე გაყრილი კანაფით. ტარი მთლიანია. თავი მომრგვალებულია. მასზე გაკეთებულია ორი (ან სამი) ნახვრეტი მოქლონებისათვის. ყელი ბოლოსკენ განიერდება. ხევსურულ და თუშურ ჭიანურებს მრგვალი კორპუსი აქვთ. ჭიანურზე უკრავენ მჯდომარე მდგომარეობაში. საკრავი უჭირავთ ვერტიკალურად, კორპუსი მოთავსებულია მუხლებს შორის (დაყრდნობილია მუხლებზე), სახელური მიყრდნობილია მარცხენა მხარეზე. ბგერათწარმოება ხდება ხემის მეშვეობით, რომელიც შემსრულებელს მარჯვენა ხელში უჭირავს. მარცხენა ხელის თითები სიმებს ეხებიან და ბგერის სიმაღლეს ცვლიან. სიმებს თითების «ბალიშებით» ეხებიან და თითს ტარამდე არ აჭერენ, რის გამოც ჭიანურის ბგერები ფლაჟოლეტურია. ხემს ერთდროულად ყველა სიმზე უსვამენ, ამიტომ ამ საკრავზე მხოლოდ სამხმიანი თანაბგერადობები არსებობს.

ჭუნირი
სვანური ჭუნირის კორპუსის დამზადებისათვის იყენებენ წიწვოვანი ხის ჯიშებს: ნაძვს, სოჭსა და ფიჭვს. ტარს ძირითადად არყისა და მუხისგან ამზადებენ. სიმებად ცხენის ძუას ხმარობენ. რაჭაში ჭიანურის კორპუსისთვის იყენებენ ფიჭვს ან სოჭს. სიმებად აქაც ძუაა გამოყენებული. რაჭული ჭიანური ორსიმიანია. მისი წყობაა დიდი ტერცია. სამსიმიანი სვანური ჭუნირის წყობა სეკუნდურ-ტერციულია. ასეთივე წყობა აქვს თუშურ ჭიანურს.
სამსიმინი ჭიანურის წყობა: as-b-des. 1;
ორსიმიანი ჭიანურის წყობა: as-c 1;
ჭიანურს ინახავენ ცეცხლთან ახლოს, ხოლო დაკვრის წინ ცეცხლზე ან მზეზე ათბობენ ხოლმე, განსაკუთრებით ავდრიან დღეს (ეს ფაქტი დასტურდება ყველა კუთხეში, სადაც გავრცელებულია ხემიანი საკრავი). ტყავზე მოქმედებს ქარი და სინესტე და უკეთესი ხმების მისაღებად ათბობენ მას. სვანეთსა და რაჭაში ჭუნირის ჟღერადობის მიხედვით ამინდის წინასწარმეტყველებაც სცოდნიათ. როცა უამინდობაა მოსალოდნელი, ჭუნირი ძალიან ჩუმად და არასუფთად ჟღერს. ჭუნირს ცხენის ძუის სამი სიმი აქვს გაბმული, რომელთაგანაც კიდური, ე.ი. პირველი და მესამე, მომართულია კვარტით, ხოლო შუა სამი პირველთან ტერციას წარმოქმნის. ჭუნირს უკრავენ მშვილდაკის საშუალებით, რომელსაც აგრეთვე ცხენის ძუა აქვს გაბმული. ცხენის ძუის გამოყენება საკრავს ნაზ და სასიამოვნო ტემბრის ხმოვანებას ანიჭებს.
ჭუნირი ხშირად ჩანგთან ერთად გამოიყენება და მის თანხლებას ემყარება. დამოწმებული ფაქტია, რომ ჭუნირზე დაკვრა სცოდნიათ მიცვალებულთან, დასაფლავების წინა ღამით. მიცვალებულის ერთ-ერთი ნათესავი(კაცი) დაჯდება და წყნარი ხმით ჭუნირზე დაამღერებს. იგი იგონებს მიცვალებულს და ამ გვარის სხვა მიცვალებულებს. ჭიანურს სევდიან სიმღერებთან აკავშირებენ. თუმცა მას იყენებენ დღეობებსა და ქორწილშიც. საერთოდ ის მწუხარების საკრავად აქვთ წარმოდგენილი. სვანეთში არის გამოთქმა - «ჭიანური ჭირის არისო».
დასაწყისი