ქართული ხალხური საკრავების ვებ გვერდის შექმნის იდეა გაჩნდა იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ 2001 წლისათვის ქართულ ინტერნეტ სივრცეში არ არსებობდა მსგავსი რესურსი, ამასთანავე ძალიან ძნელი იყო ფოტო და აუდიო მასალის მოძიებაც. ამას დაემატა ჩვენი პირადი ინტერესი და სიყვარული ქართული ფოლკლორის მიმართ. სწორედ ამ გარემოებებმა განაპირობა შეგვექმნა ქართულენოვანი საიტი, სადაც თავს მოიყრიდა ზოგადი ინფორმაცია ხალხური საკრავების შესახებ - მათი დამზადების, დაკვრისა და გამოყენების თვალსაზრისით.

ვფიქრობთ, ჩვენს მიერ შექმნილი საიტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ფართო საზოგადოებისათვის გახდა ხელმისაწვდომი გაცნობოდა თბილისის ქართული ხალხური საკრავების სახელმწიფო მუზეუმის, თბილისის გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის და ქუთაისის სახელმწიფო ეთნოგრაფიული მუზეუმის უნიკალურ ფონდებში დაცულ საკრავების ნიმუშებს. ასევე საიტზე ასახულია პრაქტიკოს-ხელოვნებათმცოდნეთა, ცნობილი შემსრულებლებისა და საკრავების ოსტატების მდიდარი პროფესიონალური გამოცდილება.

ვებ-გვერდს გამოეხმაურა უამრავი ადამიანი, როგორც საქართველოს კუთხეებიდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან. დაინტერესებულთა შორისაა კერძო პირებიც და ფოლკლორული ანსამბლებიც, ასევე ფოლკლორული ფესტივალების ორგანიზატორები. განსაკუთრებით დიდია გამოხმაურება ქართველი ემიგრანტებისაგან, რომელთაც მონატრებიათ ქართული ჰანგები და გამოთქვამენ სურვილს დაეუფლონ საკრავებზე დაკვრის ხელოვნებას.

თავდაპირველად საიტზე ვმუშაობდით მე - ლევან ბრეგვაძე, ჩემი ძმა - როლანდ ბრეგვაძე და ჩვენი მეგობრები. ვიყავით მუდმივ ძიებაში, ვცდილობდით მოგვეპოვებინა რაიმე სახის მასალა, იქნებოდა ეს ფოტო და აუდიო მასალები თუ ისტორიული მონაცემები ხალხური საკრავების წარმოშობასა და დაკვრის თავისებურებებზე, რომლებიც შემდგომში გამოგვადგებოდა საიტის შექმნაში. პარალელურ რეჟიმში ვსწავლობდი ვებ პროგრამირებას. ყოველივე ამ უკანასკნელმა კი მოითხოვა უამრავი დრო და ენერგია, გაწეული იქნა დიდი შრომა. გვსურდა, რაც შეიძლება, მაღალ დონეზე წარმოგვედგინა ქართული ეროვნული საუნჯე.

მოგვიანებით მხარში ამოგვიდგა ღირსების ორდენოსანი, მრავალი საერთაშორისო ფესტივალის კონკურსის ლაურეატი, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ “ქუთაისი”-ს სოლისტი და დირიჟორი მაიზერ გაზდელიანი, რომელიც ასევე არის ქართული ხალხური საკრავების დამზადების ოსტატი. მისი, და არამარტო მისი, დახმარებით წარმოვაჩინეთ ქართული ხალხური საკრავების წარმოშობის, განვითარებისა და დამზადების ისტორიული ტრადიციები.

კონსულტაციებს გვიწევდა ასევე ბატონი კაკო ლაშქარაშვილი (თბილისი), ხალხური საკრავების ბრწყინვალე ოსტატი.

განსაკუთრებულად მინდა ავღნიშნო ბატონი ლევან ირემაძე (ხობი, სოფ.ძვ.ხიბულა) - ხალხური საკრავების ბრწყინვალე ოსტატი, რომელიც მხარში გვედგა და გვაძლევდა მითითებებს ამა თუ იმ საკრავთან დაკავშირებით.

საიტზე მუშაობის პარალელურად შევიმუშავეთ პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა საიტის უფრო დახვეწას და მასალით გამდიდრებას. მართლაც, 2002 წელს ინტერნეტში დაშვებისა და სწავლების პროგრამამ, რომელსაც აშშ მთავრობა აფინანსებს, გამოგვიყო მცირე გრანტი (450$) ამ საიტის შესაქმნელად და შემდგომში ვებ სივრცე მისი უფასოდ განთავსებისათვის.

2006 წელს კომპანია მაგთიკომის ორგანიზებით მოეწყო ეროვნული ინტერნეტ კონკურსი, რომლის მიზანი იყო საუკეთესო ქართულენოვანი ვებ გვერდის გამოვლენა. კონკურსის შედეგად დასახელდა 10 საუკეთესო ვებ გვერდი, რომელთა შორის იყო ჩვენი გვერდი - www.hangebi.ge და გადმოგვეცა შესაბამისი სერთიფიკატი და საჩუქარი.

მას შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში, დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ შესულიყვნენ საიტზე და ენახათ მათთვის საინტერესო ინფორმაცია საკრავების შესახებ, ჩამოეტვირთათ ქართული საკრავების აუდიო ჩანაწერები. დაეთვალიერებინათ ფოტოგალერეა და სხვა. სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში, რესურსის შესავსებად ვერ ვახერხებდით დიდი დროის დათმობას და საიტზე შეგვქონდა მცირედი განახლებები.

დღეს კი, დიდი პაუზის შემდეგ, გამოხმაურებების, თხოვნისა და დაინტერესებული პიროვნებების ზრდასთან ერთად, დადგა საჭიროება უფრო საინტერესო გამხდარიყო ეს საიტი. აქტუალური გახდა საიტზე დამატებით განგვეთავსებინა სხვადასხვა საინტერესო მასალა. გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ახალი საიტი, რომელიც იქნებოდა იგივე ხასიათის მატარებელი, როგორიც მისი წინამორბედი და გაიზრდებოდა მისი საინფორმაციო-საგანმანათლებლო დატვირთვა. დღეს უკვე თქვენს წინაშეა განახლებული საიტი www.hangebi.ge.

დასაწყისი