ბუკი სამხედრო-სასიგნალო საკრავია. იგი გაკეთებულია თუნუქისაგან (თითბერი). მილძაბრიდან საყვირის პირველ ნახევრამდე ჩასმულია ხის შტამბი. მეორე ნახევარში შიდა მხარეს კი ბოლომდე მიმაგრებულია თუნუქის მილი. საყვირის სიმაღლეა 1270მმ. მილძაბრის დიამეტრი 220მმ. ჩაბერვის ადგილი 28მმ.

ბუკის ხმიანობის გამოსახატად ძველ ძეგლებში სხვადასხვა გამოთქმა გვხდება. მაგალითად, “შაჰ-ნამეში” ქექაოზის მაზანდარანს გამგზავრების აღწერისას ნათქვამია: “მეორეს დღეს გაემართნეს ქოსსა ჰკრეს და ბუკი ყუირსა”. იქვე გვხდება: “დარაზმეს და ბუკსა სცემდეს, გამოიღებს ქოსი ხმასა”. ბუკის ხმობა “იოსებ ზილიხანიანის” მეორე ვერსიაშიც არის: “მათ დროშები გაუშალეს, ქოსსა სცემდეს, ბუკი ხმობდეს”. სულხან-საბა ორბელიანსაც თავის იგავ-არაკებში მოხმობილი აქვს ბუკის ცემა: "თუმცა ამ საკრავს ხმობა და ყუირილი უფრო შეეფერება, ვიდრე ცემანი საყვირთა" ს.ორბელიანის განმარტებით საყვირთა სახეობანი ერთმანეთისაგან ზომითაც განირჩეოდნენ, მაგალითად: “ბუკი საყვირია დიდი”, ხოლო “ზროხაკუდი საყვირია მომცრო”.

Buki Samples